სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურა და ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები: ჰერბერტ უელსი
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა ხშირად საოცრად წინასწარმეტყველურია. ჟანრის კლასიკოებთან ვხვდებით არაერთ პროგნოზს მომავალი ტექნოლოგიებისა და საზოგადოებაზე მათი გავლენის შესახებ. ამ რუბრიკაში რამდენიმე მათგანს გაგიზიარებთ.
ჰერბერტ უელსი
ჟანრის ერთ-ერთი პიონერითა და „სამეცნიერო ფანტასტიკის“ მამად წოდებული ბრიტანელი ავტორით, ჰერბერტ ჯორჯ უელსით, დავიწყოთ. „სამეცნიერო ფანტასტიკის შექსპირი“, როგორც იგი ინგლისელმა მწერალმა ბრაიან ოლდისმა მოიხსენია, 1866 წლის 21 სექტემბერს დაიბადა. ჰ. ჯ. უელსის რომანებმა დიდი გავლენა მოახდინა ჟანრსა და პოპკულტურაზე. იგი არაერთი ავტორისა თუ რეჟისორის შთაგონების წყარო გახდა. უელსის წიგნების მიხედვით გადაღებულია ფილმები და სერიალები.
დროში მოგზაურობა, უცხოპლანეტელთა თავდასხმა, გენური ინჟინერია – მხოლოდ მცირედია იმ თემების, რასაც მის რომანებში ვხვდებით. გასაკვირი არ არის, რომ ჰ. ჯ. უელსის შემოქმედებაში ვაწყდებით ისეთი ტექნოლოგიების ჩანასახებს, რომლებიც დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
„ექიმი მოროს კუნძული“
„ექიმი მოროს კუნძული“ 1896 წელს გამოქვეყნდა და ჰერბერტ უელსის რიგით მესამე რომანია, რომელიც ადრეული სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკად და ავტორის გამორჩეულ რომანად მიიჩნევა.
ედვარდ პრენდრიკს, რომლის ხომალდიც ჩაიძირება, შემხვედრი გემი გადაარჩენს. მონტგომერი, რომელსაც ამ გემით გარეული ცხოველები გადაჰყავს, პრენდრიკს კუნძულზე მიიყვანს. რომანის გმირი აღმოჩნდება შეშლილი მეცნიერის – ექიმი მოროს – სახლში, რომელიც ადამიანებსა და ცხოველებზე წარმოუდგენელ ექსპერიმენტებს ატარებს და მათგან ჰიბრიდულ არსებებს ქმნის. რომანში გაშლილია მორალური პასუხისმგებლობის, სისასტიკის, ტკივილის, იდენტობისა და ადამიანის ბუნებაში ჩარევის საკითხები.
წინასწარმეტყველური ტექნოლოგია: ადამიანის ორგანოების ტრანსპლანტაცია
განხორციელებული ტექნოლოგია: 1954 წელს მოხდა ადამიანისთვის თირკმლის წარმატებით გადანერგვა.
„სამყაროთა ომი“
„სამყაროთა ომი“ 1898 წელს გამოიცა. რომანში მარსელთა არმია ინგლისს ესხმის თავს. უცხოპლანეტელები ვეებერთელა სამფეხა მექანიზმებით გადაადგილდებიან, გზად ყოველივეს სითბური სხივით ანადგურებენ, ჰაერში მომწამვლელ, ტოქსიკურ აირებს უშვებენ და მოსახლეობას ტერორში ამყოფებენ. იქნება ეს, ადამიანური ცივილიზაციის დასასრული და დედამიწაზე მარსელთა ბატონობის დასაწყისი?!
უცხოპლანეტელების თემატიკაზე შექმნილი ეს რომანი არაერთი ნაწარმოების ინსპირაცია გახდა. წიგნის პირველი ეკრანიზაცია 1953 წელს გამოვიდა, 2005 წლის კი სტივენ სპილბერგმა გადაიღო, რომელშიც მთავარ როლებს ტომ კრუზი და დაკოტა ფენინგი ასრულებენ, მთხრობელი კი მორგან ფრიმენია.
წინასწარმეტყველური ტექნოლოგია: ლაზერი, ქიმიური იარაღი
ავტორისეული სახელწოდება: სითბური სხივი, რაკეტებიდან გაშვებული შავი, მომწამლავი აირი
განხორციელებული ტექნოლოგია: ლაზერი ამერიკელმა ინჟინერმა, თეოდორ მაიმანმა, 1960 წელს გამოიგონა. ქიმიური იარაღი კი პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს.
„როცა მძინარე გამოიღვიძებს“
1899 წელს გამოცემულ რომანში ფუტურისტ ჟურნალისტს, რომელსაც საკუთარი ეპოქა არ მოსწონს, ინსომნია აწუხებს. მედიტაციის შედეგად იგი ღრმა ძილს მიეცემა და გაიღვიძებს ორი საკუნის შემდგომ მომავალში – 22-ე საუკუნეში. უცნაურ და ღამის კოშმარსეულ სამყაროში მოხვედრილი გრეემი მსოფლიოს ლიდერი და მბრძანებელი ხდება. თუმცა, მალევე აღმოაჩნეს, რომ მტრებით არის გარშემორტყმული.
წინასწარმეტყველური ტექნოლოგია: ავტომატური კარი
განხორციელებული ტექნოლოგია: 1931 წელს ამერიკელმა ინჟინრებმა, ჰორას ჰ. რეიმონდმა და შელდონ ს. რობიმ, ავტომატური კარის გასაღები პირველი ოპტიკური მოწყობილობა დააპროექტეს.
„გათავისუფლებული მსოფლიო“
ჰერბერტ უელსის „გათავისუფლებული მსოფლიო“ 1914 წელს გამოიცა და მასში ავტორმა იწინასწარმეტყველა ბირთვული საომარი მოქმედებები იქამდე, სანამ ჯერ ამ მიმართულებით კვლევებიც არ იყო დაწყებული. რომანში უელსი მოგვითხრობს იმ ჯაჟვურ რეაქციაზე, რაც რადიაციას სდევს. ავტორი აღწერს საჰარო-გამანადგურებელ ძალას, რომელიც კილომეტრების მანძილზე ყველაფერს აცამტვერებს. მან გამოიყენა ტერმინი „ატომური ბომბები“.
წინასწარმეტყველური ტექნოლოგია: ატომური ბომბი, ბირთვული ძრავი (ავტორიც ამავე სახელით მოიხსენიებს)
განხორციელებული ტექნოლოგია: ატომური ბომბი „პროექტ მანჰეტენის“ ფარგლებში შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის 25 ნოემბერს.
„ღმერთკაცები“
1923 წელს გამოცემულ რომანში ჰერბერტ უელსმა ელფოსტა და ხმოვანი ფოსტა, ე.წ. „ვოისმეილი“, იწინასწარმეტყველა. „ღმერთკაცები“ უტოპიაა, რომელშიც მოქმედება პარალელურ სამყაროში ხდება. მისტერ ბარნსტეიპლი, სხვა მრბოლელებთან ერთად, 3000 წლის შემდგომ მომავალში გადავა, სადაც დახვდებათ იდეალური სამყარო, რომელშიც არ არსებობს ომი, დანაშაული, სიღარიბე, სნეულება. ერთი სიტყვით, ნამდვილი ჯონ ლენონის „Imagine“. რომანში გადმოცემულია ადამიანური ბუნების ნაკლოვანებები, მაგრამ გასდევს იმედი მომავლისა, სადაც ადამიანები ღმერთებივით შეძლებენ ცხოვრებას.
წინასწარმეტყველური ტექნოლოგია: ელფოსტა, ხმოვანი ფოსტა (ავტორი ზუსტად აღწერს ამ ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპს).
განხორციელებული ტექნოლოგია: ელფოსტა, იმ ფორმით, როგორითაც დღეს გვაქვს, 1971 წელს რეი ტომლინსონმა გამოიგონა და განავითარა, ვოისმეილი კი 1970-იანების ბოლოს შეიქმნა.
---------------
ჰერბერტ უელსი გარდაიცვალა 1946 წლის 13 აგვისტოს ლონდონში, ინგლისში. ის დღესაც რჩება ერთ-ერთ გამორჩეულ ვიზიონერად და დიდ ფიგურად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში შეტანილი უდიდესი წვლილით. რომანში „გათავისუფლებული მსოფლიო“ ჰერბერტ უელსი საუბრობს ერთიან ხელისუფლებაზე – „მსოფლიო რესპუბლიკაზე“, რომელიც ომების საყოველთაო დასრულებისთვის იქმნება. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი წინასწარმეტყველება ახდა, ეს შეიძლება მისი ეს ხედვა წინ გველის.