გაეროს ბლოკჩეინინიციატივა: ახალი ეპოქა საჯარო სექტორისთვის

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი ინიციატივა ბლოკჩეინტექნოლოგიის სახელმწიფო დონეზე დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამის განვითარება ორი მიმართულებით იგეგმება: შეიქმნება ბლოკჩეინის საერთაშორისო აკადემია მთავრობებისთვის და საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ქვეყნებს ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.
ბლოკჩეინტექნოლოგია მხოლოდ ფინანსურ სექტორში არ გამოიყენება და მისი დანერგვა ეფექტურად შეიძლება საჯარო მმართველობაში, მონაცემთა გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში, სოციალური დახმარებების მართვასა თუ სხვა სფეროებში. სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს UNDP მთავრობების ხელშეწყობას.
რობერტ პასიკოს, UNDP-ის ფინანსური ტექნოლოგიების ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, აკადემია უახლოეს კვირებში ამუშავდება და პირველ ეტაპზე შეირჩევა ოთხი საპილოტე ქვეყანა. პროგრამა მოიცავს ონლაინტრენინგებსა და პრაქტიკულ სემინარებს, რაც სახელმწიფო მოხელეებს საშუალება მისცემს, უკეთ გაიგონ, როგორ შეიძლება ბლოკჩეინტექნოლოგიის ადმინისტრაციულ პროცესებში ინტეგრირება.
აღნიშნული ინიციატივა ეხმიანება გაეროს გრძელვადიან ხედვას, რაც ფინანსური ინკლუზიურობის გაზრდას, კორუფციის შემცირებასა და საჯარო მმართველობის გაუმჯობესებას გულისხმობს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ამ ტექნოლოგიის მთავარი გამოწვევაა პოლიტიკურ გარემოში მისი სწორად ინტეგრირება, რათა რეალურად მოემსახუროს გამჭვირვალობასა და მოქალაქეების ნდობის ზრდას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საპილოტე პროგრამები უკვე მოქმედებს ოცამდე ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთში, ავღანეთსა და განაში, სადაც ბლოკჩეინტექნოლოგია სოციალური შემწეობების გადარიცხვის გამჭვირვალობისთვისა და მიწის რეესტრების ელექტრონული მართვისთვის გამოიყენება.
ბლოკჩეინის შესაძლებლობებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც აქტიურად სწავლობენ. რამდენიმე ქვეყანა უკვე სატესტო რეჟიმში ამუშავებს დეცენტრალიზებული ციფრული იდენტობის სისტემებს, რომლებიც მოქალაქეებს საჯარო სერვისებზე უსაფრთხო წვდომას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საქართველოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და სამეწარმოო კომპანია BitFury Group-მა უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემა შექმნეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებობს ფუნქციონალი „ძებნა ბლოკჩეინში“, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია უძრავი ქონების ჩანაწერის ჰეშის ნახვა. ამ სისტემით ქონების რეგისტრაციის ჩანაწერის დამოწმება და ბლოკჩეინზე გამჭვირვალედ და დაცულად შენახვაა შესაძლებელი.
მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში ბლოკჩეინტექნოლოგიის როლი საჯარო მმართველობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობას გაძლიერებაში უფრო გაიზრდება და საჯარო სექტორის ინფრასტრუქტურის მართვის ერთ-ერთ წამყვან სისტემად იქცევა.

