ჰონგ-კონგი კრიპტორეგულაციების შემსუბუქებასა და ტოკენიზაციის პროგრამის დაწყებას გეგმავს

ჰონგ-კონგი მასშტაბურ კრიპტოინიციატივებს აანონსებს. ადგილობრივი ხელისუფლება კრიპტორეგულაციებს ამსუბუქებს და ტოკენიზაციის პროგრამას იწყებს, რომელიც ქალაქის ფინანსური სექტორის მოდერნიზაციასა და ბაზრის საერთაშორისო ინვესტორებისთვის გახსნას ისახავს მიზნად.
ჯულია ლიუნგის, ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების კომისიის (SFC) თავმჯდომარის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები ლიცენზირებულ კრიპტოპლატფორმებს საერთაშორისო ლიკვიდურობაზე მისცემს წვდომას.
ჰონგ-კონგის მონეტარული ორგანოს (HKMA) მიერ წამოწყებული პროგრამა მიზნად რეალური აქტივების (RWA) ტოკენიზაციას ისახავს. პროექტი უძრავი ქონების, საინვესტიციო ინსტრუმენტებისა და სამეწარმეო კაპიტალის გაციფრულებას გულისხმობს.
ამ ნაბიჯს წინ მიმდინარე წლის მაისის თვეში დამტკიცებული კანონი უძღოდა, რომელიც სტაბილური კოინების რეზერვებისა და რისკების მართვას გულისხმობს და მიზნად ინვესტორებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვას ისახავს. აღნიშნული კანონი ძალაში 2025 წლის ბოლოდან შევა.
ციფრული აქტივები და ტოკენიზაცია ჰონგ-კონგის სტრატეგიული ეკონომიკური მიმართულება ხდება. ეს ნიშნავს, რომ ჰონგ-კონგი აქტიურად ცდილობს კონკურენცია გაუწიოს სინგაპურსა და დუბაის, რომლებიც კრიპტოჰაბების სტატუსს ატარებენ. ახალი პოლიტიკით ხელი შეეწყობა ინოვაციებს და, ამასთან, მომხმარებლების უსაფრთხოება და ფინანსური სტაბილურობა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.

