ყველაზე კრიპტომეგობრული ქვეყნები: სინგაპური
სინგაპურის რესპუბლიკა მსოფლიოს ოც ყველაზე პატარა და სამ ქალაქ-სახელმწიფოთაგან ერთერთი, ხოლო კუნძულოვან ქალაქ-სახელმწიფოთაგან ერთადერთია. ქვეყნის სახელი მოდის სიტყვიდან „სინგაპურა“, რაც სანსკრიტზე „ლომთა ქალაქს“ ნიშნავს. სინგაპურის ლომებთან მეგობრულ დამოკიდებულებაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე კრიპტომეგობრულ ქვეყნებს შორის ნამდვილად უკავია ადგილი.
ქვეყნის ზოგადი პროფილი
სინგაპურის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1965 წელს მოიპოვა, როცა მალაიზიას გამოეყო. ქვეყანა ერთი მთავარი და 62 მცირე კუნძულისგან შედგება, რომელთაგან დასახლებული მხოლოდ სამია.
ქვეყნის მოსახლეობა მრავალეროვანია და ეს ოფიციალურ ენებზეც აისახება. სინგაპურში ოთხი სახელმწიფო ენაა: ინგლისური, მალაიური, ჩინური (მანდარინი) და ტამილური. მოსახლეობის 34% ბუდისტია, 18% – ქრისტიანი, 14.3 – მუსლიმი, დანარჩენი კი სხვადასხვა რელიგიებზე ნაწილდება. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის სიმჭიდროვით მსოფლიოში მესამეა, ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობა გამწვანებასა და რეკრეაციულ ზონებს. სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ქალაქად არის აღიარებული და 2030 წლისთვის იგეგმება, რომ გახდეს „ქალაქი ბუნებაში“.
დამიანის განვითარების ინდექსით სინგაპური აზიაში პირველ ადგილზეა, მსოფლიოს მასშტაბით კი მე-11 პოზიციას იკავებს. ამასთან, კორუფციის დაბალი მაჩვენებლით სინგაპური მსოფლიოში მე-5, აზიაში კი 1-ლი ქვეყანაა. ქვეყნის ეროვნული ვალუტაა სინგაპურული დოლარი.
ეკვატორთან სიახლოვე სინგაპურის ტროპიკულ კლიმატს განაპირობებს. ტემპერატურა წლის განმავლობაში სტაბილურად ცხელია. ყველაზე დაბალი ტემპერატურა სინგაპურში 1934 წლის 31 იანვარს დაფიქსირდა (19.4° ცელსიუსით).
ეკონომიკა
სინგაპური ბიზნესმეგობრული ქვეყნის რეპუტაციით სარგებლობს. აქ წარმოდგენილია მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანია და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმო, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვთ. 2020 წლის კვლევების თანახმად, სინგაპურმა ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა.
ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგებია: ელექტრონიკის წარმოება, ქიმიური მრეწველობა, ფინანსური სერვისი, ნავთობის მოპოვება-გადამუშავება და ბიო-სამედიცინო მრეწველობა. სინგაპურის მთავარი სამრეწველო პარტნიორი ქვეყნებია: აშშ, ჩინეთი და იაპონია.
სინგაპურის ეკონომიკა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია, ნაკლებად კორუმპირებული, მაღალგანვითარებული და ემყარება თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს. ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო მონოპოლიებიც. ქვეყანაში გადასახადები დაბალია. მსყიდველობითუნარიონობის პარიტეტის მიხედვით სინგაპურს მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით. სინგაპურში მდებარეობს აზია-წყნარი ოკეანის საბჭოს (APEC) შტაბბინა.
კრიპტოვალუტა სინგაპურში
სინგაპურმა დიდი ხანია, რაც კრიპტომეგობრული ქვეყნის სტატუსი მოიპოვა. ვირტუალური ვალუტების რეგულაციები მონეტარული პოლიტიკის მარეგულირებელმა ორგანომ 2014 წელს დაამტკიცა. სინგაპურის შემოსავლების სამსახურის განსაზღვრებით, ეთერიუმი, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები ციფრული გადახდის ტოკენებია და მათზე კაპიტალის მოგების გადასახადი არ ვრცელდება. გადასახადები ეხება მხოლოდ ბიზნესსაქმიანობას, რომელიც კრიპტოვალუტაში ხორციელდება, რაზეც ვრცელდება იგივე წესები, რაც ჩვეულებრივ ვალუტაზე და იბეგრება საშემოსავლო გადასახადის კვალიფიკაციით.
სინგაპურის კანონმდებლობით მხარდაჭერილია მსოფლიოს წამყვანი კრიპტობირჟები და გახსნილია მათი წარმომადგენლობები. მაგალითად: Binance Singapore, Kraken Singapore, Coinbase Singapore და სხვ. კრიპტომეგობრული ფინანსური რეგულაციები კრიპტოკომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ ქვეყანაში აწარმოონ შეღავათიანი საქმიანობა ექვსი თვის განმავლობაში, ლიცენზიის გარეშე. ქვეყნის ლიბერალური მიდგომა მრავალ კრიპტოსტარტაპს იზიდავს და ამ მიმართულებით მსუყე ინვესტიციებიც იდება. სინგაპურში დაფუძნებულია ისეთი სტარტაპები, როგორიცაა Zilliqa, Qtum, Celer Network და ა.შ.
მოსახლეობის დიდი ნაწილი კრიპტოვალუტასთან მიმართებით არის დადებითად განწყობილი, ინფორმირებული და დაინტერესებული. 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 50%-ს კრიტოვალუტაზე წარმოდგენა ჰქონდა, დაახლოებით 20% კი კრიპტოვალუტას ფლობდა.
სინგაპური ხშირად მასპინძლობს კონფერენციებსა და ღონისძიებებს კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის თემატიკაზე. 2023 წლის სექტემბერში დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიება სახელწოდებით „ეთერიუმ სინგაპური 2023“.