TOKEN2049: კრიპტოინდუსტრიის ეპიცენტრი სინგაპურში

2025 წლის 1-2 ოქტომბერს სინგაპურში Coinmania-ს გუნდი TOKEN2049-ს – ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან კრიპტოღონისძიებას დაესწრო. TOKEN2049 სინგაპურსა და დუბაიში ტარდება და ყოველწლიურად თავს უყრის კრიპტოინდუსტრიის ლიდერებს, ინვესტორებს, სტარტაპებსა და ინოვატორებს.

წელს TOKEN2049 სინგაპურმა 25000-ზე მეტ მონაწილეს 160-ზე მეტი ქვეყნიდან უმასპინძლა. ღონისძიება ქალაქის მასშტაბით არაერთ თემატურ სცენას, პანელურ დისკუსიას, სამუშაო შეხვედრასა და TOKEN2049 Week-ის ფარგლებში 1000-ზე მეტ პარალელურ ღონისძიებას მოიცავდა.

ტრადიციული საკონფერენციო სივრცეების გარდა, მონაწილეებისათვის ხელმისაწვდომი იყო ზონები შეხვედრებისა და სახალისო აქტივობებისთვის. ინტერაქციული გარემო უშუალო ურთიერთობებისა და კონტაქტების დამყარების საშუალებას იძლეოდა.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემები იყო: კრიპტოს როლი გლობალურ ფინანსებში, სტაბილური კოინების როლის ზრდა, კვანტური გამოთვლები, დეცენტრალიზებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მონაცემთა მართვისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და რეალური აქტივების ტოკენიზაცია (RWA).

ყველაზე საინტერესო, ალბათ, იმ ადამიანებთან შეხვედრისა და გასაუბრების შესაძლებლობა იყო, რომლებიც ბლოკჩეინინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავენ. წლევანდელ სპიკერებს შორის იყვნენ: Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ტენგი, Tron-ის დამფუძნებელი ჯასტინ სანი, Robinhood-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ვლად თენევი,  Tether-ის აღმასრულებელი დირექტორი პაოლო არდოინო, Formula 1-ის მრბოლელები ლანდო ნორისი და ფერნანდო ალონსო, სხვადასხვა წამყვანი კრიპტობირჟისა და ბლოკჩეინპროექტების აღმასრულებლები, დონალდ ტრამპ უმცროსი და სხვები.

დასამახსოვრებელი იყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის, ხმაურიანი გამოსვლა. ის ღონისძიებაზე წარსდგა, როგორც კრიპტოეკოსისტემის აქტიური მხარდამჭერი და World Liberty Financial-ის (პროექტი, რომელიც მართავს სტაბილკოინ USD1-ს) წარმომადგენელი. მისი თქმით, კრიპტოინდუსტრია სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ცენტრალიზებული ძალაუფლების ბალანსს ამსხვრევს და საზოგადოებას მეტ ფინანსურ თავისუფლებას ანიჭებს. ტრამპ უმცროსის გამოსვლამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან მან კრიპტოინდუსტრიის მხარდაჭერა ღიად და პირდაპირ დაუკავშირა პოლიტიკურ თავისუფლებასა და ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლას.

Coinmania-სთვის, როგორც ლიცენზირებული ქართული კრიპტობირჟისთვის, მსგავს ღონისძიებებში ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ეს არის დარგის სიახლეების უშუალოდ პირველწყაროებიდან მიღების შესაძლებლობა და, ამასთან,  გლობალურ ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობა.

ასე აფასებს TOKEN2049-ს Coinmania-ს დამფუძნებელი და დირექტორი სულხან ჯაში:

Q: რამდენად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა TOKEN2049 კრიპტოინდუსტრიისთვის? 

სულხან ჯაში: TOKEN2049 ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა. ეს არის სივრცე, სადაც ყველა მონაწილე საკუთარ საქმიანობას წარმოადგენს და დარგით დაინტერესებულ საზოგადოებას აცნობს. მსგავს ღონისძიებებზე კარგად ჩანს, თუ როგორ ვითარდება და რა გამოწვევებისა და ამოცანების წინაშე დგას ინდუსტრია. თითოეული ასეთი მასშტაბის ღონისძიება დიდ ბიძგს აძლევს ამ დარგს და აჩქარებს იმ მომწიფებულ ფინანსურ რევოლუციას, რომელსაც კრიპტოაქტივები და ბლოკჩეინი ჰქვია. ასეთი ღონისძიებები ჩვენს ინდუსტრიას ნამდვილად ძალიან ეხმარება, რადგან ეს არის პარტნიორული ურთიერთობების დაწყებისა და გამყარების, ინფორმაციის გაზიარებისა და, მთლიანობაში, კრიპტოს ფართოდ გავრცელების ხელშეწყობის შესაძლებლობა.

Q: რა იყო ამ ღონისძიებაზე ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი თქვენთვის?

სულხან ჯაში: გასულ წლებში ჩატარებულ მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებთან შედარებით, წელს მეტად იყო გამოკვეთილი არსებული ფინანსური ინსტიტუციების (საგადასახადო პროვაიდერებისა და ბანკების) გააქტიურება. ადრე მათი ჩართულობა ბევრად ნაკლები იყო და ხალხიც ინდუსტრიას ერთგვარი ეჭვის თვალით უყურებდა. დავინახეთ ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების აქტიური ჩართულობა სტაბილური კოინების დანერგვისა და, ზოგადად, მომხმარებლების კრიპტოაქტივებით მომსახურების მიმართულებით.

საინტერესო იყო ისეთი ცნობილი სახეების გამოსვლების მოსმენა, როგორიც არის აშშ-ს პრეზიდენტის შვილი, დონალდ ტრამპ უმცროსი. ის ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობს და ისაუბრა საკუთარ ტოკენზე, პრეზიდენტ ტრამპის მიერ კრიპტოინდუსტრიის მხარდაჭერასა და სამომავლო გეგმებზე. ინდუსტრიის მხარდამჭერ სახეებად მოგვევლინენ Formula 1-ის ერთის ცნობილი სახეებიც, მათ შორის, ლანდო ნორისი. მსგავსი გავლენიანი პიროვნებების მეშვეობით კრიპტოინდუსტრიას ის ადამიანებიც ეცნობიან, რომლებსაც აქამდე ბლოკჩეინის სფეროსთან შეხება არ ჰქონიათ.

Q: რა არის ყველაზე მთავარი, რაც TOKEN2049-დან მოგაქვთ? 

სულხან ჯაში: ყველაზე მთავარი იმაში კიდევ ერთხელ დარწმუნებაა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ჩვენი ხედვით, ვინაიდან დღევანდელ სამყაროში დამკვიდრებულია და გამართულია ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების ქსელი, რომლებიც მომხმარებლებს ფიატური ვალუტებით უწევენ მომსახურებას, კრიპტოაქტივების სწრაფი ინტეგრაცია ვერ მოხდება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. თანაარსებობა აუცილებელია, რათა კრიპტოინდუსტრიამ თავი დაიმკვიდროს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გვჯერა, რომ საზოგადოება უმეტესწილად სწორედ კრიპტოაქტივებს გამოიყენებს. დავინახეთ, რომ უკვე არსებულმა ფინანსურმა პროვაიდერებმა თავიანთ სისტემებში კრიპტოაქტივების ჩაშენება დაიწყეს, რამაც ჩვენი მიდგომა წაახალისა. ჩვენ, Coinmania-სა და ElectraPay-ს – როგორც ორ ლიცენზირებულ კომპანიას – გვჯერა, რომ საზოგადოებისთვის ორივე სამყაროს დამაკავშირებელი ერთობლივი სერვისის შეთავაზება ჩვენი განვითარების სწორი გზაა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ Coinmania-ს თანამშრობლებს, რომელთა შორის, ზოგი მსგავს ღონისძიებას პირველად ესწრებოდა, მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი თვალით ენახათ ინდუსტრიის მასშტაბები. დარწმუნებული ვარ, მათაც გაუძლიერდათ რწმენა, რომ მუშაობენ კომპანიაში, რომელიც ადამიანების ყოფის განვითარებას ემსახურება. 

TOKEN2049-მ ნათლად აჩვენა, რომ ინდუსტრია ტექნოლოგიურად მუდმივად ვითარდება და ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა უსაფრთხო, გამჭვირვალე და მომხმარებელზე ორიენტირებულ პლატფორმებზე. ტენდენცია სახეზეა: კრიპტოინდუსტრია საფუძველს უყრის ახალ ეკონომიკურ ეპოქას. TOKEN2049 კი, არა მხოლოდ გლობალური ღონისძიება, არამედ მომავლის ახლებური ხედვებისა და ინოვაციური იდეების ეპიცენტრი.

მომავალ TOKEN2049-მდე!

სხვა ბლოგები