კრიპტომეგობრული ქვეყნები: პორტუგალია
მზიანი სანაპიროებით, ისტორიული ქალაქებით, ლამაზი ბუნებით, გასტრონომიული მრავალფეროვნებითა და სტუმართმოყვარეობით ცნობილი პორტუგალია იზიდავს როგორც ტურისტებს, ისე კრიპტოინვესტორებს. 2023 წლის საკანონმდებლო რეგულაციების მიუხედავად პორტუგალია ევროპის ერთ-ერთი კრიპტომეგობრული ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.
ასე რომ, თუ კრიპტოვალუტით დაინტერესებული ხარ და ხმელთაშუაზღვის ხედებით ტკბობასა და გემრიელი ღვინის დაგემოვნებაზეც არ იტყოდი უარს, პორტუგალიაზე ვისაუბროთ.
ქვეყნის ზოგადი პროფილი
პორტუგალია (ოფიციალურად პორტუგალიის რესპუბლიკა) პირინეის ნახევარკუნძულზე, კონტინენტური ევროპის უკიდურესი დასავლეთით მდებარეობს. პორტუგალიას სახმელეთო საზღვარი მხოლოდ ესპანეთთან აქვს და ევროპაში სიდიდით მე-18 ქვეყანაა.
პორტუგალია ევროპის ერთ-ერთი უძველესი მიწაა, სადაც ჯერ კელტური და იბერიული ტომები სახლობდნენ, მოგვიანებით კი, რომაელებისა და ძველგერმანული ხალხების მმართველობაში მოექცა. XV საუკუნეში პორტუგალიელმა მკვლევარ-მეზღვაურებმა უდიდესი როლი ითამაშეს გეოგრაფიულ აღმოჩენებში, ახალი სავაჭრო გზების გაჭრასა და კარტოგრაფიაში. სწორედ პორტუგალიელები იყვნენ ისეთი ცნობილი მეზღვაურები, როგორიცაა: ვასკო და გამა, ფერნანდო მაგელანი და ქრისტეფორე კოლუმბი.
1999 წლიდან პორტუგალიას ორი ავტონომიური რეგიონი აქვს: აზორის კუნძულები და მადეირა. მადეირადან არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო.
ქვეყნის მოსახლეობის 92.5%-ს პორტუგალიელები შეადგენენ, ხოლო დომინანტი რელიგია ქრისტიანობაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ინგლისურად გამართულად საუბრობს.
პორტუგალია ევროკავშირის, შენგენის ზონის, ნატოსა და გაერთიანებული ერების წევრი ქვეყანაა. ქვეყნის ოფიციალური ვალუტაა ევრო, რომელმაც 2002 წლის 1 იანვარს პორტუგალიური ესკუდო ჩაანაცვლა.
ატლანტიკის ოკეანისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის თბილი კლიმატის დამსახურებით, პორტუგალიაში ძალიან მზიანი ზაფხული და თბილი ზამთარია, რის გამოც პორტუგალიის პლაჟებზე სეირნობა წლის ნებისმიერ დროს სასიამოვნოა. ზამთრის ყველაზე ცივ თვეებშიც კი, საშუალო ტემპერატურა 15°C-ს უდრის. ქვეყნის სანაპიროს გასდევს 850 კილომეტრი სიგრძის პლაჟი, მრავალფეროვანი ბუნებითა და პეიზაჟებით.
პორტუგალიის უდიდესი ქალაქებია: ლისაბონი, ამადორა, პორტო და ბრაგა.
ეკონომიკა
მაღალგანვითარებული ეკონომიკით პორტუგალია მსოფლიოს 50 ქვეყანაშია. ხელსაყრელი ბიზნესგარემოს გამო პორტუგალიაში სათავო ოფისი არაერთმა ტექკომპანიამ და სტარტაპმა გადაიტანა. ლისაბონში ტარდება მსოფლიოში უმსხვილესი ტექნოლოგიური ფესტივალი WebSummit-ი.
ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის უდიდესი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ხოლო ყველაზე აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა პორტუგალიას ესპანეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან აქვს, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის კუთხით.
2022 წელს პორტუგალიის მშპ-მა $252.38 მილიარდი შეადგინა. ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგებია: ტექსტილისა და ფეხსაცმლის წარმოება, ხე-ტყისა და კორპის მრეწველობა, ავტონაწილების წარმოება, რძის, ღვინისა და კვების ინდუსტრია.
პორტუგალიას მსოფლიოში ოქროს ერთ-ერთი უდიდესი მარაგი აქვს (მსოფლიოში მე-14), რომელიც ქვეყნის ეროვნული ბანკის საცავში ინახება. ასევე, მსოფლიოში მე-8 პოზიცია უკავია ლითიუმის დიდი რეზერვებით, რომლის ექსპორტმაც 2022 წლის მშპ-ს 49% შეადგინა.
კრიპტოვალუტა პორტუგალიაში
პორტუგალია ევროპაში ერთ-ერთ ეკონომიკურად ყველაზე ინოვაციურ ქვეყნად მიიჩნევა, რაც კრიპტოვალუტისადმი დამოკიდებულებაშიც აისახება. ბოლო წლებში კრიპტოვალუტაზე რეგულაციები არაერთმა ქვეყანამ დააწესა. გამონაკლისი არც პორტუგალიაა. მართალია, დღეს პორტუგალიას კრიპტოსამოთხეს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ქვეყნის კანონმდებლობა ევროპაში ერთ-ერთი კრიპტომეგობრულია. მოდი, ყველაზე მომხიბლავით დავიწყოთ:
პორტუგალია კრიპტოინვესტორებს, რომლებსაც პორტუგალიაში სურთ საქმიანობა, სთავაზობს ორი ტიპის გზას: Golden Visa-ს პროგრამას და D7 Visa-ს:
- Golden Visa ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებს პორტუგალიის მოქალაქეობის მიღების საშუალებას აძლევს, თუკი განახორციელებენ განსაზღვრული ოდენობის ინვესტიციის. ეს კრიპტოინვესტორებს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, თავი აარიდონ თავიანთი ქვეყნების კრიპტორეგულაციებს და მეორე მხრივ, ისარგებლონ მეტი ფინანსური და საინვესტიციო თავისუფლებით, როგორც ევროკავშირის მოქალაქეებმა.
- D7 Visa კრიპტოინვესტორსა და მის ოჯახს პორტუგალიაში ცხოვრების უფლებას ანიჭებს, თუკი ოჯახი უზრუნველყოფილია პორტუგალიაში ცხოვრებისათვის საკმარისი თანხებით. ხუთი წლის შემდეგ D7 ვიზის მფლობელს საშუალება ეძლევა, შეიტანოს განაცხადი პორტუგალიის მოქალაქეობაზე.
2018 წლიდან 2023 წლის იანვრამდე, ანუ ახალი რეგულაციების შემოღებამდე, პორტუგალიაში კრიპოვალუტას გადასახადები არ ეხებოდა. 2023 წლიდან 365 დღეზე ნაკლები ვადით შენახული კრიპტოს გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება კაპიტალის მოგების იმავე განაკვეთით, როგორც ფიატი და შეადგენს 28%-ს, ერთ წელზე ხანგრძლივი კრიპტოინვესტიციები კი აღნიშნულ გადასახადს არ ექვემდებარება.
პორტუგალიაში, ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, კრიპტოვალუტა მიიჩნევა გადახდის საშუალებად და არა აქტივად, ამიტომ კრიპტოში განხორციელებულ ტრანზაქციებს დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) არ ეხება. იგივე ვრცელდება NFT-ზეც. გადასახადისგან გათავისუფლებულია კრიპტოვალუტათშორისი გადაცვლა, თუმცა იბეგრება მაინინგი, რადგან ის კომერციულ საქმიანობას განეკუთვნება.
მართალია, პორტუგალიის ოფიციალური ვალუტა ევროა, შესაძლებელია ანაზღაურების კრიპტოვალუტაში მიღება ან ნივთების შეძენა კრიპტო ვიზა ბარათით. ამ ეტაპზე, საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან პირები, რომლებიც ხელფასს კრიპტოვალუტაში იღებენ, თუმცა პორტუგალიაში რეგისტრირებულმა კომპანიებმა, რომლებიც თანამშრომლებს ხელფასს კრიპტოში უხდიან, საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაიხადონ.
კრიპტოვალუტის პოპულარობისა და მოსახლეობის ცნობიერების ზრდასთან ერთად, ბიზნესი და ფინანსური სექტორი კრიპტოვალუტას მეტად ერგება. პორტუგალიის სხვადასხვა ქალაქში ხელმისაწვდომია ბიტკოინის ბანკომატები, კომპანიების ნაწილი კი მომხმარებლებს გადახდას კრიპტოვალუტაში სთავაზობს.