ტექბლოგი

კრიპტოს ისტორია და ევოლუცია

კრიტოვალუტისს შესახებ უკვე ყველგან გვესმის: ვიღაც გვირჩევს, რომ „მომავლის ფულია“ და დანაზოგი კრიპტოაქტივებში უნდა გავაკეთოთ; მეგობარი წლების წინ „ხელიდან გაშვებულ“ ბიტკოინს მისტირის; დაბნეულები ვართ და არ ვიცით, რა ვიფიქროთ.

მაინც, რა არის კრიპტოვალუტა, იგივე კრიპტოაქტივი?

კრიპტოაქტივი ფულის ერთგვარი სახეობაა — იმ ფულის, რომლის ისტორია დასაბამს უძველესი დროიდან იღებს და რომელმაც არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა. ბარტერული გაცვლის, ძვირფასი ქვების, ლითონების, მონეტების, ქაღალდის კუპიურებისა თუ საკრედიტო ბარათების ფორმით, ფული მუდამ თან სდევდა კაცობრიობის ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობებს. ბოლო დროს ფულმა კიდევ ერთი ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და „გაციფრულდა“. ამ ბლოგში მოკლედ მოგითხრობთ ციფრული ფულის ისტორიისა და მისი ძირითადი მახასიათებლების შესახებ.

რა არის კრიპტოაქტივი

კრიპტოაქტივი კრიპტოგრაფით დაცული ციფრული ფულია, რომელიც ეფუძნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიას — „ბლოკების ჯაჭვს“, განაწილებულ მონაცემთა ციფრულ ჟურნალს, რომელიც კომპიუტერული ქსელის კვანძების მეშვეობით ზიარდება. კრიპტოაქტივით განხორციელებული ტრანზაქციები ციფრულ რეესტრში ინახება და მოწმდება არა რომელიმე ცენტრალიზებული ორგანოს, არამედ დეცენტრალიზებული სისტემის მიერ. ეს ემსახურება მის ავტონომიურობას სახელწიფო ორგანოების ჩარევისაგან.

ამასთან, ბლოკჩეინი P2P ქსელია, რაც მხარეთა თანაბარუფლებიანობას გულისხმობს. გამომდინარე აქედან და იმის გათვალისწინებით, რომ ქსელის ციფრულ რეესტრში ასახული მონაცემები უნიკალური და ყველასთვის საჯაროა, კრიპტოაქტივის გადარიცხვა შუამავალს არ საჭიროებს და შესაბამისად, არც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. გადარიცხვის საკომისიო მინიმალურია.

კრიპტოს საწყისები

შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოაქტივების „წელთაღრიცხვა“ ბიტკოინით იწყება. პირველი კრიპტოაქტივი — Bitcoin — 2009 წელს გამოჩნდა. მის შემქმნელად მიიჩნევა სატოში ნაკამოტო — ამ ფსევდონიმის უკან მდგარი, დღემდე უცნობი, ანონიმური პიროვნება ან ჯგუფი. 2008 წელს სატოში ნაკამოტოს სახელით გამოქვეყნდა დოკუმენტი „ბიტკოინი: თანაბარუფლებიანი ელექტრონული ფულის სისტემა“, რომელშიც საუბარი იყო დეცენტრალიზებული ვალუტის შექმნაზე, რომელიც მთავრობებისა და ფინანსური ინსტიტუციების კონტროლს არ დაექვემდებარებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტექნოლოგიური მოვლენა უპრეცედენტო იყო (ან, იქნებ, სწორედ ამიტომაც), ბიტკოინს მომენტალური წარმატება არ მოჰყოლია. თავდაპირველად მის შესახებ ძირითადად დეველოპერებისა და ენთუზიასტი ტრეიდერებისთვის იყო ცნობილი. რეალურად, ბლოკჩეინზე პირველი ეკონომიკური ტრანზაქცია ბიტკოინის შექმნიდან ერთი წლის თავზე განხორციელდა: 2010 წლის 22 მაისს ფლორიდის შტატის მაცხოვრებელმა $25 დოლარის ღირებულების პიცაში 10 000 ბიტკოინი გადაიხადა. ეს დღე კრიპტოს ისტორიაში „ბიტკოინის პიცის დღის“ სახელით შევიდა.

ბიტკოინის პოპულარულობისა და ფასის ზრდასთან ერთად გამოჩნდა ალტერნატიული კრიპტოაქტივებიც — ალტკოინები. Litecoin, Namecoin და Swiftcoin პირველი ალტკოინები იყო, რომელიც ბიტკოინის შემდეგ შეიქმნა და წინამორბედის გარკვეული ნაკლოვანებების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. ბიტკოინის მომხმარებლების მატებასთან ერთად შეიქმნა მეტი ციფრული აქტივი, ალტერნატიული ბლოკჩეინები (როგორიცაა Ethereum), დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემები (DeFi), დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApps), ე.წ. „ჭკვიანი კონტრაქტები“ (Smart Contract), NFT-ები და სხვა.

ბიტკოინის საბაზისო პრინციპი

როგორც აღვნიშნეთ, Bitcoin (BTC) დამოუკიდებელი ვირტუალური აქტივია, რომელიც ბლოკჩეინს ეფუძნება. ბლოკჩეინი ურთიერთდაკავშირებული ბლოკებისგან შემდგარი მონაცემთა ერთეულია, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თითოეული ტრანზაქციის შესახებ, როგორიცაა: გამგზავნი და ადრესატი, დრო და თარიღი, ჯამური ღირებულება და უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი. ჩანაწერები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ლაგდება და ბლოკების ციფრული ჯაჭვად იქცევა.

ბლოკჩეინში ატვირთული ბლოკი ხელმისაწვდომი ხდება ყველასთვის, რაც კრიპტოაქტვებით განხორციელებული ტრანზაქციების ჩანაწერთა საჯაროობას უზრუნველყოფს. ბლოკების ციფრული ჯაჭვი არავის ეკუთვნის, ქსელის ყველა მონაწილისათვის ხელმისაწვდომია და განახლებები მომენტალურად და საჯაროდ აისახება. იმისთვის, რომ ქსელმა ტრანზაქცია დაადასტუროს და ბლოკი ასახოს, დამოწმებული უნდა იყოს ბიტკოინის მაინერების (გამომთვლელი კომპიუტერების სისტემა, რომლებიც საკომისიოს სანაცვლოდ ქსელში ტრანზაქციებს ამოწმებს და ბლოკს ადასტურებს) უმრავლესობის მიერ.

ბიტკონში (ისევე, როგორც სხვა კრიპტოაქტივით) განხორციელებული ტრანზაქცია ხდება შემთხვევითად გენერირებული შიფრის მისამართებს შორის, რომელიც დაცულია უნიკალური კოდით. ტრანზაქციის მიღება და გადარიცხვა ციფრული საფულით ხდება. რადგან უნიკალური კოდები გრძელი შემთხვევითი რიცხვებია, მათი გაყალბება უკიდურესად რთულია, რაც ქსელის სანდოობას უწყობს ხელს.

ბიტკოინი დეფლაციური ვირტუალური აქტივია, ანუ მისი მთლიანი მოცულობა შეზღუდული და წინასწარ განსაზღვრულია. ბიტკოინის ჯამური ოდენობა 21 მილიონია, საიდანაც 19 მილიონი უკვე მოპოვებულია.

ეთერიუმის გამოჩენა და ბლოკჩეინის შემდეგი თაობა

Ethereum-ის დეცენტრალიზებული ბლოკჩეინი 2015 წელს გამოჩნდა, რომლის თეთრი წიგნიც (whitepaper) 2013 წელს მისმა შემქმნელმა ვიტალიკ ბუტერინმა გამოაქვეყნა. 2014 წელს თანადამფუძნებელებმა ქსელის ადგილობრივი კრიპტოაქტივი — Ether (ETH) გაყიდეს, რათა ბლოკჩეინის გასავითარებლად თანხები მოეზიდათ.

გარდა იმ მახასიათებლებისა, რომელსაც ბიტკოინთან იზიარებს, ეთერიუმის ბლოკჩეინმა დეველოპერებს შესაძლებლობების ახალი კარი გაუღო და პლატფორმაზე დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნის საშუალება მისცა. ეს ხდება ჭკვიანი კონტრაქტების — თვითაღსრულებადი შეთანხმებების — მეშვეობით, რომლის გამოყენებაც არა მხოლოდ ფინანსურ და სავაჭრო, არამედ ბევრ სხვა ინდუსტრიაშიც არის შესაძლებელი, როგორიცაა უძრავი ქონება, ჯანდაცვა, სათამაშო ინდუსტრია და სხვ.

დღეს ბიტკონი და ეთერიუმი ორი წამყვანი კრიპტოაქტივია, საბაზრო კაპიტალიზაციის, საფულის უნიკალური მისამართების, ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობის, ფასისა და შეფასების სხვა პარამეტრების მიხედვით. ეთერიუმმა ბლოკჩეინის შესაძლებლობები მეტად გააფართოვა და შექმნა საფუძველი მეტი ინოვაციურობისთვის. მაგალითად, სწორედ ეთერიუმის ბლოკჩეინზე შეიქმნა პირველი NFT ტექნოლოგია.

კრიპტო დღეს და პერსპექტივები

კრიპტოსამყარომ მცირე დროში დიდი გზა განვლო. მას პოპულარობა ბიტკოინმა მოუტანა, ეთერიუმის და ჭკვიანი კონტრაქტების დანერგვამ კი დეცენტრალიზებული აპლიკაციების სამყაროს გაუღო კარი.

2014 წლიდან 2015 წლამდე კრიპტოაქტივების რაოდენობა თითქმის ათჯერ გაიზარდა და 500-ს გადააჭარბა. მას შემდეგ ტენდენცია მზარდია. CoinMarketCap-ის მონაცემებით, 2022 წლის ივლისისთვის მიმოქცევაში 20 000-ზე მეტი კრიპტოაქტივი იყო. ამავე წყაროზე დაყრდნობით, დღეისთვის მიმოქცევაში 22 900-ზე მეტი კრიპტოაქტივია, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 1.1 ტრილიონი აშშ დოლარია.

ბლოკჩეინტექნოლოგია რევოლუციურია და არაერთ დარგში მოახდენს გადატრიალებას. კრიპტოთი დაინტერესებული ადმიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და უფრო მეტი ორგანიზაცია ნერგავს ყოველდღიურ საქმიანობაში ბლოკჩეინტექნოლოგიას. კრიპტოაქტივებისა და ზოგადად, ბლოკჩეინტენქოლოგიის შესაძლებლობები უსაზღვროა და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ მას.

გახსენი კრიპტოსაფულე და დაიწყე კრიპტო დღესვე: www.coinmania.ge

შენიშვნა: აუცილებელია აღინიშნოს, რომ ისევე, როგორც ნებისმიერი ინვესტიციის შემთხვევაში, კრიპტობიზნესშიც არსებობს რისკები, ამიტომ როგორც დარგის ექსპერტები გვირჩევენ, მოიძიეთ ინფორმაცია, გაანალიზეთ და ისე მიიღეთ ფინანსური გადაწყვეტილებები.

სხვა ბლოგები