აშშ-ის სენატმა სტაბილური კოინების რეგულირების კანონი მიიღო

2025 წლის 17 ივნისს აშშ-ის სენატმა GENIUS Act (Guiding and Establishing National Innovation for U.S. Stablecoins) მიიღო. ეს ისტორიაში პირველი ფედერალური კანონპროექტია, რომელიც სტაბილური კოინების რეგულაციას ეხება. ის სტაბილური კოინების ლიკვიდური აქტივებით (მაგალითად, აშშ დოლარით) სრულ უზრუნველყოფას ითვალისწინებს. კანონის თანახმად, კომპანიებს მკაცრად მოეთხოვებათ რეზერვებზე ინფორმაციის ყოველთვიურად გამოქვეყნება და მომხმარებელთა დაცვისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოთხოვნების დაკმაყოფილება. ახალი წესები ვრცელდება როგორც საბანკო, ისე არასაბანკო მომსახურებების პროვაიდერებზე.
კანონპროექტის განხილვას კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. სენატორმა ელიზაბეტ უორენმა აღნიშნა, რომ მისმა მიღებამ შესაძლოა ფინანსურ სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე. კანონპროექტზე მსჯელობისას კრიპტოსამყაროსთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მჭიდრო კავშირიც, მათ შორის, ტრამპკოინის საკითხი და World Liberty Financial-ის პროექტებიც აღინიშნა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუმცა, საბოლოოდ, კანონპროექტმა ორპარტიული მხარდაჭერა მაინც მოიპოვა.
რეგულაციების შემოღებას პოზიტიურად შეხვდნენ ანალიტიკოსები. აღსანიშნავია, რომ სენატის გადაწყვეტილების ფონზე, Circle-ის (კომპანია, რომელმაც სტაბილური კოინი USDC შექმნა) აქციები 16%-ით გაიზარდა. ინვესტორების აზრით, ეს კანონი სტაბილურ კოინებს მასშტაბურ ლეგიტიმაციასა და სტაბილურობას მოუტანს.
კანონპროექტმა შემდეგი ეტაპი წარმომადგენელთა პალატაში უნდა გაიაროს, რის შემდეგაც მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს. ამავდროულად, კონგრესში უკვე განიხილავენ კრიპტობაზრის მარეგულირეგელ სხვა მექანიზმებსაც.
კანონპროექტი GENIUS Act არა მხოლოდ აშშ-ის ფინანსური სისტემის რეგულაციებს ადგენს, არამედ კრიპტოეკონომიკის მომავლისთვის გლობალური სტანდარტის შექმნასაც უწყობს ხელს.