Meta სტაბილური კოინების ინტეგრირებას გეგმავს
.png)
მალე Meta-ს პლატფორმებს კრიპტოაქტივების მხარდაჭერა დაემატება?
Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta სტაბილური კოინების დანერგვაზე მას შემდეგ ფიქრობს, რაც სამი წლის წინ, Diem-ის (იგივე Libra) პროექტი რეგულაციების გამო შეჩერდა. ჟურნალს Fortune-ის ცნობით, Meta წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს კრიპტო ეკოსისტემის კომპანიებთან, რათა Facebook-სა და WhatsApp-ზე სტაბილური კოინებით გადახდა იყოს შესაძლებელი. კერძოდ, კომპანია USDC-სა და USDT-ს ინტეგრაციას განიხილავს. ეს სიახლე განსაკუთრებით კონტენტის შემქმნელებისთვის იქნება საინტერესო.
Meta-ს კრიპტოსტრატეგია
Meta-ს განახლებული ინტერესი პლატფორმებზე კრიპტოს ინტეგრირების მიმართ, შეიძლება განპირობებული იყოს რეგულაციების ცვლილებებით და სტაბილური კოინების გავრცელების მზარდი ტენდენციით. ამ გზას უკვე დაადგნენ Visa, Stripe და Fidelity. პროექტს Meta-ს ვიცე-პრეზიდენტი, ჯინჯერ ბეიკერი ხელმძღვანელობს, რომლის წარსული გამოცდილებაც ფინტექისა და გადახდების ინდუსტრიას უკავშირდება. ბეიკერი მუშაობდა Plaid-ში და არის ბლოკჩეინპლატფორმა Stellar Development Foundation-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.
Meta სტაბილური კოინების გამოყენებას საერთაშორისო გადახდებისთვისაც გეგმავს. ამით შეეცდება შეამციროს მაღალი საკომისიოები, რომლებიც ტრადიციულ საბანკო მეთოდებს ახლავს. ბოლო პერიოდში მსგავს პრაქტიკას არაერთმა მსხვილმა კომპანიამ მიმართა.
საინტერესოა, რომ კრიპტომეგობრულობის მიუხედავად, კომპანია ბიტკოინს ჯერ არ დაამატებს. მაისში აქციონერებმა ბიტკოინის დანერგვის ინიციატივაზე დიდი უმრავლესობით (1221 მოწინააღმდეგე და 1 მხარდამჭერი) თქვეს უარი. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორ ჩანს, ჯერ კიდევ სკეპტიკურად არიან განწყობილნი ბიტკოინის მიმართ, სტაბილური კოინები კი, მათი ფიქსირებული ღირებულებიდან გამომდინარე, პრაქტიკულ ალტერნატივად მიიჩნევა.
მართალია, პროექტი ჯერ განხილვის ეტაპზეა, თუმცა Meta-ს დაინტერესება ბლოკჩეინტექნოლოგიებითა და ციფრული ვალუტებით უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.