კრიპტოლექსიკონი: ტერმინების მნიშვნელობები დამწყებთათვის #2
როგორც ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის იოლი, თუ სალაპარაკო ენა არ იცი, ისე ბლოკჩეინის სამყაროში ნავიგაცია რთულია საბაზისო ტერმინების ცოდნის გარეშე. Coinmania-ს კრიპტოლექსიკონში თავი მოვუყარეთ „საყველპურო“ ცნებების განმარტებებს, რომლებიც უსათუოდ დაგჭირდება, თუ კრიპტოსამყაროს უკეთ გაცნობა გადაგიწყვეტია.
კრიპტოლექსიკონის პირველი ნაწილი შეგიძლია იხილო აქ:
ახლა კი, გამოგვყევი და გზა განვაგრძოთ.
ბიტკოინი (Bitcoin)
Bitcoin (BTC) პირველი დამოუკიდებელი, დეცენტრალიზებული ბლოკჩეინი და ამავე ქსელზე არსებული კრიპტოაქტივია (ე.წ. კრიპტოვალუტა). ის 2009 წელს შექმნა სატოში ნაკამოტომ – ამ ფსევდონიმის მიღმა მდგარმა ერთმა ან რამდენიმე ადამიანმა. ბიტკოინი თანაბარუფლებიანობის (P2P) პრინციპს ემყარება, რაც ნიშნავს იმას, რომ ორ მხარეს ერთმანეთთან ინფორმაციის/ტრანზაქციის გასაცვლელად შუამავალი არ ესაჭიროებათ.
ბიტკოინის ჯამური რაოდენობა 21 მილიონი ერთეულია და წუთში საშუალოდ ბიტკოინის 10 ბლოკი გამოდის.
ბლოკი (Block)
ბლოკი ციფრული ჩანაწერია, რომელსაც ახლავს სამი მთავარი კომპონენტი: ტრანზაქციები (მონაცემები), ჰეში და წინა ბლოკის ჰეში.
ბლოკების ერთობლიობა ქმნის ბლოკჩეინს, ანუ „ბლოკების ჯაჭვს“ – განაწილებულ მონაცემთა დეცენტრალიზებულ ჟურნალს. ეს „ჯაჭვი“ მუდმივად გრძელდება, ემატება ინფორმაციის ახალ-ახალი ბლოკები, ინახება და მასში ცვლილებების შეტანა ან გაყალბება შეუძლებელია. ბლოკები ემსახურება ბლოკჩეინში არსებული მონაცემების ორგანიზების, დადასტურებისა და დაცულობის უზრუნველყოფას.
ბლოკის გამოშვების დრო (Block Time) კი ის საშუალო დროა, რაც ქსელში ახალი ბლოკის შექმნას სჭირდება.
ჰეში (Hash)
ჰეში ალგორითმით მიღებული ციფრებისა და ასოების უნიკალური იდენტიფიკატორია, რომელსაც აქვს ფიქსირებული სიგრძე და იქმნება კონკრეტული ბლოკისთვის, მისი მონაცემების მიხედვით. წინა ბლოკის ჰეში ახალ ბლოკს წინარე ბლოკთან აკავშირებს, რითაც ყალიბდება ქრონოლოგიური და დაცული თანმიმდევრობა.
ეთერიუმი (Ethereum)
ეთერიუმი დეცენტრალიზებული, ღია კოდის მქონე დამოუკიდებელი ბლოკჩეინია, რომელზეც შესაძლებელია სმარტკონტრაქტების და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApps) შექმნა. ქსელის მთავარი კრიპტოაქტივია Ether (ETH), რომელიც მსოფლიოში კაპიტალიზაციით მხოლოდ ბიტკოინს ჩამორჩება. ეთერიუმის ბლოკჩეინი 2015 წლიდან არსებობს და მისი შემქმნელი ვიტალიკ ბუტერინია.
„ხარის ბაზარი“ (Bull Market)
ხარის ბაზარი (იგივე, რაც Bull Run) ნიშნავს ფინანსურ თუ კრიპტობაზრებზე წარმოდგენილი აქტივების ფასების მნიშვნელოვანი და სწრაფი ზრდის პერიოდს. აღმავალი ტენდენცია აჩენს დადებით მოლოდინებსა და განწყობებს ინვესტორებს შორის.
„დათვის ბაზარი“ (Bear Market)
დათვის ბაზარი ხარის ბაზრის საპირისპირო ტენდენციაა. დათვის ბაზრად მოიხსენიებენ ტენდენციას, როცა ხდება 20%-იანი ან უფრო დიდი ვარდნა ბოლოდროინდელი მაღალი ნიშნულებიდან. ბაზრის ასეთი მდგომარეობა ინვესტორებში პესიმისტურ განწყობებს განაპირობებს.
ალტკოინი (Altcoin)
მარტივად რომ ვთქვათ, ალტკოინია ნებისმიერი კრიპტო, რომელიც არ არის ბიტკოინი. ყველა სხვა კოინი ბიტკოინის ალტერნატივად ანუ ალტკოინად მოიხსენიება.
სტაბილური კოინი (Stable Coin)
კრიპტოაქტივების კატეგორია, რომელიც გამყარებულია ტრადიციული (ფიატ) ვალუტით (ხშირად 1/1-თან კურსით), ფიზიკური თუ ციფრული აქტივით. მის სტაბილურობას განაპირობებს რეზერვის სახით გადადებული აქტივები და ალგორითმული ფორმულები, რომლებიც კოინის მიმოქცევას არეგულირებს. სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც.
„იცნობდე შენს მომხმარებელს“ (KYC)
KYC (Know Your Customer) გულისხმობს კომპანიის მომხმარებლების პიროვნების ვერიფიკაციას. ამ სტანდარტულ პროცედურას გადიან ფინანსური ინსტიტუციებისა და კრიპტობირჟების კლიენტები და, მათ შორის, Coinmania-ს მომხმარებლებიც. KYC-ის მთავარი მიზანი კანონით გათვალისწინებული რეგულაციების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.