ტექბლოგი

კრიპტოლექსიკონი: ტერმინები, რომელთა მნიშვნელობაც დამწყებმა უნდა იცოდეს

თუ კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სამყაროში პირველად აბიჯებ, უსათუოდ დაგჭირდება „ტურისტული გზამკვლევი“, რომელიც მის ძირითად ცნებებსა და ტერმინებზე წარმოდგენას შეგიქმნის. ეს საოცარი ახალი სამყარო თავიდან დამაბნეველია, ამიტომ ამ ბლოგში შევეცადეთ მარტივად აგვეხსნა ის ძირითადი ტერმინები, რომელთა ცოდნაც ამ მოგზაურობას გაგიმარტივებს.

მოდი, ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის განმარტებით დავიწყოთ.

ბლოკჩეინი (Blockchain)

ბლოკჩეინი („ბლოკების ჯაჭვი“) განაწილებულ მონაცემთა ციფრული ჟურნალია, რომელიც ქსელში ტრანზაქციებისა და ციფრული აქტივების მოძრაობის აღნუსხვა-მონიტორინგს უზრუნველყოფს და რომელიც კომპიუტერული ქსელის კვანძების მეშვეობით ზიარდება.

ბლოკჩეინზე მონაცემებს შიფრი ენიჭება და ურთიერთდაკავშირებულ ბლოკებში ინახება.მაგალითად, ბლოკჩეინი შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ტრანზაქციის გამგზავნი და მიმღები, დრო და თარიღი, ჯამური ღირებულება და უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი. ეს ინფორმაცია სრულიად გამჭვირვალე და საჯაროა. ჩანაწერები ჟურნალში ქრონოლოგიურად ლაგდება და ბლოკების ციფრულ ჯაჭვად იქცევა. ქსელში ახალი ბლოკის შექმნამდე ინფორმაცია შემოწმებას გადის.

პირველი ბლოკჩეინი – ბიტკოინი – 2009 წელს გაეშვა და მის პირველ ბლოკს „გენზის“ ბლოკად მოიხსენიებენ.

კრიპტოვალუტა (Cryptocurrency)

კრიპტოვალუტა კრიპტოგრაფით დაცული ვირტუალური ვალუტაა,რომელიც ბლოკჩეინტექნოლოგიას ეფუძნება. კრიპტოვალუტა გამოიყენება, როგორც ღირებულების გაცვლისა და ანგარიშსწორების საშუალება თანაბარუფლებიან (P2P) ციფრულ ეკოსისტემაში. კრიპტოვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციები ციფრულ რეესტრში ინახება.

კრიპტოვალუტაზე საუბრისას ხშირად გაიგონებთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა კოინი და ტოკენი. კოინი არის კრიპტოვალუტის ტიპი, რომელსაც აქვს საკუთარი ბლოკჩეინის ქსელი და ძირითადად ანგარიშსწორებისა და თანხის შენახვის მიზნით გამოიყენება (მაგალითად: ბიტკოინი, ლაითკოინი). მისგან განსხვავებით, ტოკენი არსებულ ბლოკჩეინებზე (მაგ.: ეთერიუმი, სოლანა) იქმნება და ფუნქციების განსახორციელებლად ამ ბლოკჩეინის პლატფორმითა და შესაძლებლობებით სარგებლობს.

კრიპტოგრაფია (Cryptography)

კრიპტოგრაფია ინფორმაციისა და მონაცემების დაშიფვრის ან შიფრის ამოხსნის მეცნიერებაა, რომელიც რთულ მათემატიკურ და ლოგიკურ თეორიებსა და გამოთვლებს იყენებს. კრიპტოგრაფია უზრუნველყოფს კრიპტოვალუტის დაცულობას გაყალბებისა და კიბერ თავდასხმისგან.

ფიატი (Fiat)

ფიატი ქვეყნის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი, სახელმწიფოს ოფიციალური, ტრადიციული ეროვნული ვალუტაა. მაგალითად: აშშ დოლარი, ლარი. სიტყვა მომდინარეობს ლათინურიდან და ნიშნავს ოფიციალურ გადაწყვეტილებას ან რეზოლუციას, რომელიც უნდა აღსრულდეს.

კვანძი (Node)

კვანძი არის კომპიუტერი ან მოწყობილობა,რომელიც დაკავშირებულია ბლოკჩეინის ასლის მქონე კომპიუტერების ქსელთან. კვანძის მთავარი დანიშნულებაა თითოეული ტრანზაქციის შემოწმება და დამოწმება, სანამ ქსელში ახალი ბლოკი შეიქმნება და სამუდამოდ აისახება.

დეცენტრალიზაცია (Decentralization)

დეცენტრალიზაცია გულისხმობს მონაცემებზე წვდომის, კონტროლისა და გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივის ცენტრალიზებული, ცალკეული აქტორისთვის ჩამოშორებასა და განაწილებული ქსელის ყველა მონაწილისათვის მინიჭებას.

დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApp) არის პროგრამები, რომელიც ეშვება და არსებობს ბლოკჩეინის ქსელზე ან თანაბარუფლებიან სისტემაში და არ საჭიროებს ცენტრალიზებულ სერვერს. დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად,იქნება ეს საფინანსო, თამაშისა თუ სხვა დანიშნულების, ხშირად გამოიყენება ეთერიუმის პლატფორმა.

დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) წარმოადგენს განაწილებულ ციფრულ ჟურნალზე დაფუძნებულ ფინანსური ტექნოლოგიას. ტრადიციული ფინანსური სისტემისგან განსხვავებით, დეცენტრალიზებული ფინანსური ტექნოლოგია ემყარება მხარეთა თანაბარუფლებიანობის პრინციპს და არ საჭიროებს ბანკის ტიპის შუამავალს.

თანაბარუფლებლიანობა (P2P, Peer-to-peer)

თანაბარუფლებიანობა არის დეცენტრალიზებული,პირდაპირი კომუნიკაციის მოდელი, რომლის მონაწილეებსაც ინტერაქციისთვის არ სჭირდებათ ცენტრალური შუამავალი. თითოეულ მხარეს თანაბარი უფლება-შესაძლებლობები აქვს და შეუძლია იყოს კომუნიკაციის ინიციატორი. ნაღდი ფულით ანგარიშსწორება კომუნიკაციის მსგავსი მოდელისმაგალითია.

სმარტკონტრაქტი (Smart Contract)

სმარტკონტრაქტები არის პროგრამირებული,თვითშესრულებადი შეთანხმებები წინასწარ გაწერილი პირობების ავტომატურად განხორციელების მიზნით. დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და NFT აქტივების შექმნა  სწორედ სმარტკონტრაქტების მეშვეობით ხორციელდება.სმარტკონტრაქტების ფართოდ დანერგვა ეთერიუმის ქსელს უკავშირდება.

კრიპტოსაფულე (Crypto Wallet)

კრიპტოსაფულე გამოიყენება კრიპტოვალუტისა და ციფრულიაქტივების შესაძენად, გასაგზავნად, მისაღებად და შესანახად. პერსონალური გასაღებები მფლობელს აძლევს საფულეზე წვდომას და უზრუნველყოფს კრიპტოაქტივების დაცულობას.

არსებობს „ცივი“ და „ცხელი“ კრიპტოსაფულეები. „ცხელი“ საფულე ინტერნეტქსელშია ჩართული და მასზე წვდომა ვების მეშვეობით ხდება, „ცივი“ საფულე კი ინტერნეტს არ საჭიროებს და, როგორც წესი, ფიზიკური მოწყობილობაა (მაგ.: USB დრაივის მსგავსი). „ცხელი“ საფულე გამოსაყენებლად უფრო ადვილია და ხელმისაწვდომია ყველგან, სადაც ინტერნეტია. გამომდინარე იქიდან, რომ ცივი საფულე ინტერნეტს და პოტენციური რისკის შემცველ ქსელს არ უკავშირდება, მასზე კიბერ თავდასხმისა და, შესაბამისად, ციფრული აქტივების დაკარგვის რისკი ნაკლებია.

პერსონალური გასაღები (Private Key)

პერსონალური გასაღები არის პაროლის მსგავსი, ცვლადი კრიპტოგრაფიული კოდი, რომელიც მომხმარებელს კრიპტოსაფულეზე და მასში არსებულ კრიპტოაქტივებზე წვდომას აძლევს. აქტივების დაცულობის უზრუნველსაყოფად, პერსონალური გასაღების მომხმარებელმა გასაღები საიდუმლოდ და უსაფრთხოდ უნდა შეინახოს.

მაინინგი (Mining)

მაინინგიარის კომპიუტერის გამოთვლითი სიმძლავრის გამოყენება ბლოკჩეინში მიმდინარე ტრანზაქციების დადასტურებისა და აღრიცხვისათვის.მაინინგის შედეგად ბლოკჩეინში ახალი ბლოკები ყალიბდება. ბლოკჩეინში ტრანზაქციების დადასტურებას უზრუნველყოფენ მაინერები, რომელთა გამოთვლითი სამუშაოს შედეგად იქნება ახლი კოინები. ახალი ბლოკის შექმნის სანაცვლოდ, მაინერები შექმნილი კოინების მცირე ნაწილს იღებენ.

„გაზი“ (Gas/Gas Fee)

           საკომისიოს,რომელსაც მაინერები კრიპტოტრანზაქციის დადასტურების სანაცვლოდ იღებენ, „გაზი“ ეწოდება. „გაზის“ ოდენობა დამოკიდებულია შესრულებული გამოთვლითი სამუშაოს სირთულეზე, სისწრაფესა და ქსელის დატვირთულობაზე.

ვირტუალური აქტივი (Digital Asset)

ვირტუალური აქტივი არის ღირებულების მატარებელი რამ, რაც ციფრული ფორმით არსებობს და აქვს ფლობის, გამოყენებისა და განკარგვის ნებართვა და უფლება. ეს შეიძლება იყოს ტექსტი, სურათი, ვიდეო, ა.შ. ციფრული ჟურნალის მეშვეობით ადვილია აქტივის ღირებულების, მისი მფლობელისა და ფუნქციონალის აღნუსხვა და მონიტორინგი.

ციფრული აქტივის ერთ-ერთი მაგალითია NFT – უნიკალური, არაჩანაცვლებადი ტოკენი – და ბიტკოინის ორდინალები.

 

_____

 

ბლოკჩეინტექნოლოგიების სამყარო, თავისი ინოვაციურობითა და ზრდის სწრაფი ტემპებით, დიდი პოტენციალის მქონე, მომავლის ტექნოლოგიაა. ამ ბლოგში იმ ძირითად ტერმინებზე გავამახვილეთ ყურადღება, რომელთა ცოდნაც აუცილებელია პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. თუ ამ დარგით დაინტერესდი, წინ საინტერესო თავგადასავალი გელის.

სხვა ბლოგები