ინ-ტექ-ვიუ: Web3 გამოწვევები სტარტაპებისთვის
ინ-ტექ-ვიუს სტუმარია გიორგი ფალიანი – Paliani Business Consulting-ის დამფუძნებელი. Paliani Business Consulting არის სააგენტო, რომელიც IT და Web3 სტარტაპებს ბლოკჩეინსამყაროში წარმატების მისაღწევად მათ საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციას უწევს.
Q: რა საქმიანობას ეწევა Paliani Business Consulting?
გიორგი: Paliani Business Consulting პატარა სააგენტოა, რომელიც Web3 ტექნოლოგიურ კომპანიებს მასშტაბებისა და გაყიდვების ზრდაში, ინვესტორების მოზიდვასა და ეფექტური PR-მარკეტინგული კამპანიების წარმართვაში ეხმარება.
Q: რით განსხვავდება Web3 სტარტაპებთან მუშაობა ტრადიციული ბიზნესის სპეციფიკისგან?
გიორგი: თუ Web2 უკვე ტრადიციულ სივრცედ ჩამოყალიბდა, Web3 ტექნოლოგია ჯერ კიდევ ადრეული ათვისების ფაზაშია. აქ ყველაფერი ძალზე დინამიკური და ცვალებადია. აქედან გამომდინარე, ამ სფეროს სტარტაპებთან მუშაობა უნიკალურ გამოწვევებთან და შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული.
Web3 სივრცეში მუშაობა 3 მთავარი განმასხვავებლით ხასიათდება: გარემოს ცვალებადობის სიჩქარე, მოქნილობა და მეტი შესაძლებლობები. Web3 სამყაროს მაღალი ტემპი და მოქნილობის აუცილებლობა განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოჩინდება, როცა საქმე გვაქვს მსხვილ კორპორაციებთან, რომლებიც ბლოკჩეინში პირველ ნაბიჯებს დგამენ.
Web3 სამყაროს მამოძრავებელ ძალას მომხმარებლებისა და ტოკენების მფლობელებისგან შემდგარი საზოგადოება – ქომიუნითი – წარმოადგენს, რომელიც Web3 პროექტის მართვის პროცესში აქტიურად არის ჩართული. Web3-ის დეცენტრალიზებული ბუნება მომხმარებელსა და კომპანიებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.
Q: რა არის საჭირო Web3 სივრცეში წარმატების მისაღწევად?
გიორგი: მნიშვნელოვანია ბლოკჩეინტექნოლოგიისა და კონსენსუსზე დაფუძნებული მექანიზმების ცოდნა, პროექტის გარშემო ერთგული ქომიუნითისა და ინვესტორების შემოკრება, სიახლეების გაცნობა. შეგვიძლია გამოვყოთ საკვანძო ფაქტორები:
მოქნილობა. რაც უფრო მოქნილია Web3 სტარტაპი, მით უკეთესია როგორც სტარტაპისთვის, ისე მისი ინვესტორებისა და მომხმარებლებისთვის.
მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნვა. მომხმარებლისთვის შენი პროდუქტი მაქსიმალურად ადვილად გამოსაყენებელი უნდა იყოს. დახვეწილი UX-UI და კარგი კონტენტი უმნიშვნელოვანესია, რადგან Web3-ში მთავარია მომხმარებლის გამოცდილება.
ვარაუდებისა და იდეების პრაქტიკაში გამოცდა. იმის შესაფასებლად, თუ რა მუშაობს უკეთ და რა არა, საჭიროა მოსინჯო სხვადასხვა იდეა, ვარიანტი და მიდგომა, იქნება ეს მარკეტინგის, პროდუქტის, დეველოპმენტისა თუ PR-ის მიმართულებით.
Q: რა როლს თამაშობს Web3 პროექტის წარმატებაში ქომიუნითის მხარდაჭერა?
გიორგი: პროექტის წარმატება მისი ქომიუნითის ინტერესებშია და პირიქით. მხარდამჭერების ყოლა ნიშნავს შენი Web3 პროექტის გარშემო მეტ ლოიალურობას, გამოხმაურებასა და ინვესტორების მოზიდვის საშუალებას. ეს ეხმარება პროექტის პოპულარობის, ღირებულებისა და მისდამი ნდობის ზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქომიუნითის როლი Web3 NFT პროექტებისთვის.
რაც შეეხება B2B Web3 პროექტებს, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ნეთვორქინგიც – მონაწილეობა და დასწრება ისეთ ღონისძიებებსა და კონფერენციებზე, სადაც თავს იყრის უშუალოდ პროექტის პროდუქტზე/სერვისზე აქცენტირებული აუდიტორია.
Q: რით ხასიათდება კრიპტო „დათვის“ ბაზარი (Bear market) და რა შეუძლიათ მოიმოქმედონ კომპანიებმა ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად?
გიორგი: „დათვის“ ბაზარი გულისხმობს გახანგრძლივებული პერიოდით კრიპტოაქტივების ფასების კლებას, რასაც ნეგატიური განწყობები და ბირჟებზე შემცირებული ვაჭრობა ახლავს.
სამი მთავარი რამ, რაზეც დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების დროს კომპანიამ უნდა გააკეთოს აქცენტი, არის:
1. კონცენტრირება პროდუქტზე/სერვისზე: მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ტექნიკურად გამართული (UX-UI) პროდუქტისა და სერვისის მიწოდებაზე ზრუნვა.
2. ექსპერიმენტები: ისეთი მრავალფეროვანი მარკეტინგული აქტივობების მოსინჯვა (მაგალითად, რეფერალების სისტემა), რაც დიდ თანხებთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ რაღაც ახლის ცდის საშუალებას გაძლევს.
3. ინვესტორებთან ურთიერთობა: ბაზარზე არასახარბიელო პირობებშიც კი, ინვესტორები პოტენციალის მქონე პროექტებში ინვესტიციას მაინც დებენ, ამიტომ მათთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე ზრუნვა ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სტარტაპებისათვის.
Q: რას უნდა მიაქციონ ყურადღება მათ, ვინც კრიპტოვალუტის სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამენ?
გიორგი: თვალი ადევნონ Top 10 კრიპტოვალუტას, რომელსაც „ლურჯ კრიპტოჩიპებად“ მოვიხსენიებთ. რა თქმა უნდა, ყურადღება მიაქციონ წამყვან კრიპტოვალუტა ბიტკოინს და იმ ვალუტებს, რომლებსაც აქვთ ინფრასტრუქტურა (მაგ.: Ethereum, Polkadot, Polygon, Tron), პრაქტიკული გამოყენება, ჰყავთ მეტი მომხმარებელი და ქომიუნითის მხარდაჭერა.
Q: და ბოლოს, Web3-ის მომავლის თქვენეული ხედვა:
გიორგი: 20 წლის წინ ელექტროავტომობილის იდეა სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. 20 წლის შემდეგ ილონ მასკმა ეს რეალობად აქცია. დღეს ბაზარზე არსებობს როგორც ტრადიციული, ისე ჰიბრიდული და ელექტროძრავიანი მანქანები. ანალოგიურად შეიძლება წარმოვიდგინოთ Web2-ისა და Web3-ის ჰიბრიდული თანაარსებობა Web3-ის მასობრივ გავრცელებამდე, 2030 წლამდე მაინც. ამის კარგი მაგალითია ნეობანკები, სადაც ტრადიციულ საბანკო სერვისთან ერთად ბანკი კრიპტოვალუტასაც გთავაზობთ.
ციფრული საფულეების მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება ისევე, როგორ ცნობიერება ბლოკჩეინის გარშემო. კრიპტოზე გაზრდილ მოთხოვნას ფედერალური მთავრობების მიმართ იმედგაცრუებაც აძლიერებს. თუ ტენდენციები ასე გაგრძელდება, ალბათ, ბლოკჩეინის ფართო გავრცელებაც არ დაიგვიანებს.
—
გიორგი ფალიანისა და Paliani Business Consulting-ის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი www.palianibc.com