ინ-ტექ-ვიუ: CrossCreators და AR ტექნოლოგია მარკეტინგში
ინ-ტექ-ვიუ ჩვენი ახალი პროექტია, რომელიც ემსახურება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისა და იმ ადამიანების საქმიანობის გაცნობას, რომლებიც მომავლის პროექტებს ქმნიან და წარმატების მაგალითს გვაძლევენ. ინტერვიუების სერიის ფარგლებში არაერთ საინტერესო ადამიანს შეხვდებით.
ინ-ტექ-ვიუს სტუმარია ანი მანჯავიძე – CrossCreators-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელ დირექტორი, რომლის სტარტაპიც ბრენდებს თავიანთი კონტენტის აუგმენტურ რეალობაში (AR) ეფექტურად წარმოჩენისა და მომხმარებელთან ინტერაქციის უნიკალურ საშუალებას აძლევს.
რა არის Crosscreators და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?
ანი: CrossCreators-ი აუგმენტური რეალობის სავაჭრო სივრცე, ე.წ. „მარკეტფლეისია“, რომლის მეშვეობითაც, ბრენდებს მათ სურვილებსა და მიზნებზე მორგებული AR პროდუქტებისა და სერვისების მიღება შეუძლიათ. კომპანიის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში გამიჩნდა, როცა კამპანიისთვის AR ტექნოლოგიის გამოყენება დამჭირდა. საფუძვლიანი ძიების მიუხედავად, ქართულ ბაზარზე მსგავსი გამოცდილების მქონე ექსპერტი ვერ ვნახე, უცხოურ ბაზარზე კი უამრავ პრობლემას გადავაწყდი.
რა არის აუგმენტური რეალობა?
ანი: აუგმენტური რეალობა არის ჩვენს რეალობაში ციფრული ელემენტებისა და გამოცდილების შემოტანა მოწყობილობისა (იქნება ეს მობილური ტელეფონი, კომპიუტერი თუ ტაბლეტი) და კამერის მეშვეობით. ვირტუალური რეალობისგან (VR) განსხვავებით, AR-ის გამოყენებისას რეალობას მთლიანად არ ვწყდებით – ჩვენსავე რეალობაში შეგვიძლია სხვადასხვა საგნების ინტეგრირება და მათთან ინტერაქცია.
რა შესაძლებლობებს იძლევა AR მარკეტინგი და რომელი ცნობილი ბრენდები მიმართავენ მას?
ანი: AR მარკეტინგი, ტრადიციულ მარკეტინგთან შედარებით, 10-ჯერ უკეთეს შედეგებს აჩვენებს. ის გამოიყენება მარკეტინგული სპექტრის ნებისმიერ ეტაპზე – ბრენდის ცნობადობის გაზრდიდან, გაყიდვებამდე. AR ტექნოლოგიის ეფექტურობის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა მათგან ყველაზე მთავარია ის, რომ ამ გზით ბრენდები საკუთარ მომხმარებელს საშუალებას აძლევენ, გახდენ კამპანიის თანამონაწილე და არა მხოლოდ პასიური მაყურებელი.
რა არსებითი განსხვავებაა ტრადიციულ მარკეტინგულ მეთოდებსა და AR მარკეტინგს შორის?
ანი: თუკი ტრადიციული მარკეტინგი ჰგავს უზარმაზარი ბადის ჩაშვებას რამდენიმე თევზის დაჭერის იმედით, AR მარკეტინგი მოგვაგონებს მართვად რაკეტას, რომელიც უშუალოდ მომხმარებელთა საჭიროებებისა და პრეფერენციების გათვალისწინებაზეა მიზანმიმართული. შედეგად ვიღებთ მინიმუმ 10-ჯერ უფრო მეტ მომხმარებელთა ჩართულობას (engagement), მომხმარებლების მიერ წარმოებულ კონტენტს (user-generated content), გაზომვად შედეგებსა (conversions) და ნებისმიერ იმ მიღწევად მიზანს, რომელსაც ბრენდი კამპანიის დასაწყისში დაისახავს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ ტრადიციული მარკეტინგი მომხმარებლებზე საუბრობს, AR მარკეტინგი მათ ესაუბრება. ეს კი ხელს უწყობს ბრენდსა და მომხმარებელს შორის უფრო ღრმა კავშირის ჩამოყალიბებას.
როგორ იკვეთება AR ტექნოლოგია მეტავერსთან და რა შესაძლებლობებს აჩენს Web3-ში?
ანი: Web3-ის კონტექსტში AR ტექნოლოგია იძლევა მომხმარებლის უფრო ინტერაქტიურ, ინტელექტუალურ და პერსონიზებულ გამოცდილებას. მისი მთავარი ამოცანაა:
- იმერსიული გამოცდილების უზრუნველყოფა: AR ტექნოლოგიას ციფრული ობიექტები რეალურ სამყაროში შემოაქვს და მომხმარებლის ჩართულობას აძლიერებს.
- მონაცემთა გაუმჯობესებული ვიზუალიზაციის უზრუნველყოფა: AR ეხმარება მომხმარებლებს, გაიგონ მონაცემთა რთული ნაკრები 3D ფორმატში.
- ინფორმაციის რეალურ დროში შეთავაზება: მომხმარებლებს შეუძლიათ მყისიერად მიიღონ კონტექსტურად შესაბამისი ინფორმაცია.
- რევოლუცია ელექტრონულ კომერციაში: რეალურ გარემოში წარმოდგენილი პროდუქტების ვიზუალიზაციით უმჯობესდება ვაჭრობის გამოცდილება.
- დისტანციური მუშაობისა და სწავლის ხელშეწყობა: AR დისტანციური თანამშრომლობისა და განათლების ინტერაქტიურ ფორმებს გვთავაზობს.
Web3-ში AR-ის ინტეგრირების უპირატესობები მოიცავს მომხმარებლის გაძლიერებულ კმაყოფილებას, უფრო ეფექტურ გადაწყვეტილების მიღებას, კომუნიკაციის ინოვაციურ ფორმებს, ახალ ბიზნესშესაძლებლობებსა და უფრო პერსონიზებულ ონლაინგამოცდილებას.
გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.
ანი: ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მუდმივ ზრდაზე, შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი უფრო მეტი ქვეყნის ბაზრებზე გაფართოებაა. სწორედ ამიტომ, სულ მალე, საინვესტიციო რაუნდის გამოცხადებას ვგეგმავთ. გარდა ამისა, ვაგრძელებთ ცნობიერების ამაღლებას აუგმენტურ რეალობაზე და სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარებას.
რას გვეტყოდით Web3 მარკეტინგის მომავალზე?
ანი: Web3 მომხმარებელთა ინტერაქციის განვითარების უზარმაზარ საშუალებას იძლევა, ხოლო მეტი პერსონიზაციისა და ინტერაქციისთვის უკეთესი შედეგების მისაღწევად ანგარიშგასაწევი ძალა სწორედ იმერსიული მარკეტინგი იქნება.
—
CrossCreator-ის პლატფორმა ბრენდებს, სააგენტოებსა და კრეატორებს სთავაზობს AR ინსტრუმენტების მეშვეობით უნიკალური კონტენტის შექმნასა და მომხმარებლისთვის უნიკალური, ინტერაქციული და მიმზიდველი გამოცდილების შექმნას, რომელიც რეალური და ვირტუალური ელემენტების სინთეზს წარმოადგენს. CrossCreator-ის საქმიანობის შესახებ დამატებით ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ და თვალი ადევნოთ სოციალურ ქსელებში.
ინ-ტექ-ვიუ კი მალე, მომდევნო სტუმრით დაგიბრუნდებათ.