ტექბლოგი

ინ-ტექ-ვიუ: AI ტექნოლოგია ჯანმრთელობისა და რუტინული პროცესების გამარტივების სადარაჯოზე

ინ-ტექ-ვიუს სტუმარია ორი ტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებელი, Aisitec-ის დირექტორი და BiteriumAI-ის ტექნიკური დირექტორი, მონაცემთა მეცნიერი თამარ ბოსიკაშვილი

Q: თამარ, როგორ დაიწყო თქვენი ტექნოლოგიური თავგადასავალი და რას საქმიანობთ დღეს?

თამარი: ტექნოლოგიებისადმი ჩემი გატაცება ბავშვობიდან იწყება. მამა მეცნიერია და მთელი ცხოვრება ვადევნებდი თვალს მის საინტერესო ტექნოლოგიურ საქმიანობას წამყვან უცხოურ კომპანიებთან და უნივერსიტეტებთან. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ვარ ინჟინერი და შემდეგ – ტექნოლოგიური კომპანიის დირექტორი და მენეჯერი.

20 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვე ტექნოლოგიების განხრით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსები, ბილინგი და გადახდები, გემბლინგი, ბლოკჩეინი, სამედიცინო აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა, სოციალური ქსელები და სხვა.

ამჟამად ვარ ორი ტექნოლოგიური კომპანიის – Aisitec-სა და BiteriumAI-ის  თანადამფუძნებელი. პერიოდულად, ცდილობ დრო აკადემიურ საქმიანობასაც დავუთმო. სხვადასხვა დროს ვიყავი რამდენიმე უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი ინჟინერიისა და პროგრამული არქიტექტურის მიმართულებით.

Q: Aisitec-ის საქმიანობაზე რას გვეტყოდით?

თამარი: Aisitec ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე 7 წელია, რაც ფუნქციონირებს. ვთანამშრომლობთ რამდენიმე მსხვილ პარტნიორთან.

Aisitec სხვადასხვა მიმართულებით პოზიციონირებს, თუმცა გამოვყოფ ორ SaaS (ღრუბლოვანი სერვისების) მომსახურებას:  

HR ადმინისტრირების პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ადამიანური რესურსებისა და ბიზნესპროცესების ავტომატიზაციასა და მართვაში ეხმარება. პლატფორმის 7 მოდული კომპლექსურ დავალებებს ერთ ციფრულ HR-სისტემაში აერთიანებს:

  • HR ადმინისტრირება
  • ელექტრონული დოკუმენტბრუნვა
  • ფინანსებისა და ხელფასების მართვა (Payroll)
  • ნამუშევარი დროის აღრიცხვა
  • შიდა კომუნიკაცია
  • ანგარიშგება და ანალიტიკა
  • თვითმომსახურების სერვისი

ელ.შტამპის სერვისი არის ელექტრონული შტამპის მომსახურება, რომელიც დოკუმენტაციას საქართველოს კანონმდებლობით გამყარებულ უტყუარობას ანიჭებს. აღნიშნული სერვისით ორგანიზაციებს შეუძლიათ სანდო და დაცული ფორმით გასცენ სადაზღვევო პოლისები, ინვოისები, სამედიცინო ფორმები, სასწავლო სერტიფიკატები და სხვა დოკუმენტები.

Q: თქვენი სტარტაპი – BiteriumAI, ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებით ჯანმრთელობის პოტენციური რისკების გამოვლენასა და პრევენციას ემსახურება. როგორ მუშაობს აპლიკაცია და ვის შეუძლია მისით სარგებლობა?

თამარი: BiteriumAI არის აპლიკაცია, რომლის ხელოვნური ინტელექტიც გეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობა, თავიდან აიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მიიღოთ პერსონალიზებული რეკომენდაციები და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. მოკლედ რომ ვთქვათ, შეგიძლიათ გყავდეთ საკუთარი ციფრული ექთანი.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია Apple Store-სა და Google-ის Play Store-ში (აპლიკაციის სახელია BiteriumAI).

Q: სად არის ხელოვნური ინტელექტი დღეს და როგორ ხედავთ მის განვითარებას ახლო მომავალში? რა როლი შეუძლია შეასრულოს მან ჯანდაცვის დარგში?

თამარი: ხელოვნური ინტელექტი არის ყველგან, ჩვენ ირგვლივ. ყოველდღიურად მუშავდება უამრავი მონაცემი, რაც აძლიერებს ხელოვნური ინტელექტის მოდელებს და პროგნოზებსა თუ რეკომენდაციებს გაცილებით პერსონალიზებულსა და ზუსტს ხდის.

AI როლი დიდია მედიცინის მიმართულებებშიც, იქნება ეს ქირურგია, მკურნალობის ეტაპები, სამედიცინო მონაცემების კითხვა თუ დაავადებათა პრევენცია. მაგალითად, კვლევების თანახმად, სამედიცინო სურათების (X-Rays, MRI) კითხვისას AI, ადამიანთან შედარებით, 20%-ით უფრო ზუსტ რეზულტატს იძლევა, რაც უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში.

აქტიურად ვითარდება AI-ის როლი პრევენციულ მედიცინაშიც. შესაბამისად, სახლში მკურნალობის ტენდენციები იზრდება. BiteriumAI პრევენციული მედიცინის საუკეთესო მაგალითია. მისი მეშვეობით შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ და აკონტროლოთ დაავადებათა რისკი. საჭიროების შემთხვევაში კი, დროულად ჩანიშნოთ ექიმთან ვიზიტი.

Q: ორი სტარტაპის სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ.

თამარი: Aisitec აქტიურად აციფრულებს და ამარტივებს ქართული კომპანიების HR პროცესებს, აშორებს მათ რუტინულ საქმეს, ამდენად, დროისა და რესურსების დაზოგვაში ეხმარება. ვემზადებით გლობალურ ასპარეზზე გასასვლელად, რაც ბაზარზე კიდევ უფრო ძლიერ და მრავალფუნქციურ მოთამაშედ ჩამოგვაყალიბებს.

BiteriumAI 2024 წლის მთავარი მიზანი სამედიცინო კვლევების წარმატებით გავლაა, რაც იქნება იმის დასტური, რომ აპლიკაცია ნამდვილად ღირებულია სამედიცინო კუთხით. პროდუქტის შემდგომი განვითარებისთვისა და სამომავლო გეგმების მისაღწევად დამატებითი დაფინანსების მოძიებაზეც აქტიურად ვმუშაობთ.

Q: მოდი, ტექნოლოგიურ სექტორში ქალების წარმომადგენლობის თემასაც შევეხოთ. შეიძლება ითქვას, რომ BiteriumAI-ის ქალი ანტრეპრენერების სტარტაპია, რომლის თანადამფუძნებელია თქვენი და, რომელიც ასევე ტექნოლოგიურ სექტორში საქმიანობს. რას ურჩევდით გოგონებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ტექნოლოგიების სფეროში?

თამარი: დღეს ტექნოლოგიებში ჩართულობა შესაძლებელია სხვადასხვა მასშტაბითა და დოზით, დაწყებული ინჟინერიით – რომელიც ძალიან შრომატევადია და სიღრმისეული განათლება სჭირდება – დამთავრებული ტექპროექტის მენეჯმენტით, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით დონეზე ცოდნაც საკმარისია.

ამ სფეროში საქმიანობა მარტივი არ არის და მუდმივად განვითარებასა და სწავლას საჭიროებს. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია დიდი ინტერესი და ამასთან, თვითრწმენა და სირთულეებისადმი მზადყოფნა.

Q: როგორც 2023 წლის Grace Hopper Award-ის ერთ-ერთი გამარჯვებულისა და ამავე წლის Women In Tech Awards-ის ფინალისტისთვის, რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები ტექნოლოგიურ სფეროში ქალთა მეტი ჩართულობის წასახალისებლად?

თამარი: მსგავსი აღიარება ჩემს პასუხისმგებლობას აორმაგებს და მეხმარება, ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და სირთულეებს მეტი მოტივაციით, ხალისითა და შემართებით მივუდგე.

ზოგადად, მსგავს კონკურსებსა და ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც მეტი წარმატებული ახალი ადამიანი გამოვლინდება და დაფასდება, მით მეტ მოტივაციას გააჩენს ეს ქალებისთვის, რათა თავიანთი მომავალი საქმიანობა ტექნოლოგიებს დაუკავშირონ.

ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ.

* * *

ინ-ტექ-ვიუ Coinmania-ს პროექტია, რომელიც ქართული ტექნოლოგიური და Web3 სტარტაპებისა და ამ სფეროს წარმომადგენელი ქართველი პროფესიონალების საქმიანობის გაცნობას ემსახურება. ინ-ტექ-ვიუს წინა ბლოგები იხილეთ Coinmania Blog-ზე.

სხვა ბლოგები