DOGE: მიმიდან „სახალხო კოინამდე“
ამ ცნობილი ცუგოს ინტერნეტმიმის ვარიაციები ალბათ ერთხელ მაინც შეგხვედრია. ამ ბლოგში შეიტყობ, თუ რა კავშირშია ეს ფუმფულა ცუგა კრიპტოსთან, რატომ არის გამოსახული ის Dogecoin-ის ლოგოზე, რატომ ასოცირდება ილონ მასკთან Dogecoin და რატომ ჰქვია დონალდ ტრამპის ინიციირებულ ახალ სახელმწიფო დეპარტამენტს D.O.G.E.
წარმოგიდგენთ 7 ყველაზე საინტერესო ფაქტს Dogecoin-ის შესახებ, რომელიც ამ და სხვა კითხვებზე გაგცემს პასუხს.
1. Dogecoin-ის ისტორია – ანუ მიმიდან პირველ მიმკოინამდე
DOGE-ს მიმი, რომელზეც შიბა ინუს ჯიშის ძაღლი კაბოსუა გამოსახული, 2010 წელს შეიქმნა. მიმი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, შეიქმნა სხვადასხვა თემატიკის კონტენტი და 2013 წელს ყველაზე პოპულარულ მიმად დასახელდა. ამავე წლის ბოლოს ბილი მარკუსმა და ჯექსონ პალმერმა, სულ რაღაც, ორ საათში, ამ მიმის შთაგონებით შექმნეს პირველი მიმკოინი DOGE, რომლის მიზანიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოების გაშარჟება იყო.
2. Dogecoin VS. Honda
2015 წელს Dogecoin-ის ერთ-ერთმა შემქმნელმა ბილი მარკუსმა საკუთარ ბალანსზე არსებული Dogecoin-ები Honda Civic-ის შესაძენად გაყიდა. მაშინ 1 DOGE-ის ფასი $0.00018 იყო, დღეს კი $0.40-ია.
3. „სახალხო კოინი“
Dogecoin-ის განსაკუთრებულობა მხოლოდ მისი ხუმრობით დაწყებული ისტორია როდია – ის საქველმოქმედო მიზნებითაც არის ცნობილი. როგორ? ახლავე მოგახსენებთ. Dogecoin-ს ზურგს ერთგული მომხმარებლები უმაგრებენ, რომლებმაც ჩამოაყალიბეს Dogecoin-ის საზოგადოება და საქველმოქმედო ფონდი.
2014 წელს აღნიშნულმა საზოგადოებამ იამაიკის ბობსლეის ნაკრებს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო სოჭის ოლიმპიადაზე ვერ მიემგზავრებოდა, მონაწილეობა დაუფინანსა. სხვა მრავალთან ერთად, DOGE-ის ფონდი ფინანსურად მხარს უჭერს ამერიკის კიბოს საზოგადოებასა და კენიაში სუფთა წყლის ჭაბურღილების აშენებას. Dogecoin-ის საზოგადოება გახლდათ NASCAR Sprint Cup სერიის მრბოლელ ჯოშ უაისის სპონსორიც.
შეიძლება ითქვას, რომ Dogecoin კრიპტოქველმოქმედების პიონერია. ფონდის ინიციატივები და აქტივობები აჩვენებს, რომ იუმორისტული ფესვების მქონე კრიპტო, მისი ხელმისაწვდომობითა და საქველმოქმედო სულისკვეთებით, დღეს ყველაზე „სახალხო კოინია“.
4. „დოჯის მამა“
ილონ მასკის – ამერიკელი ბიზნესმენის, SpaceX-ის, Tesla-სა და სხვა კომპანიების მფლობელის – საყვარელი კრიპტო სწორედ Dogecoin-ია. იმდენად, რომ მას „დოჯის მამასაც“ უწოდებენ. მასკმა გადაწყვიტა, რომ Tesla-ს წარმოებული ავტომობილების შეძენა მომხმარებელს კრიპტოთიც შეეძლოს. საამისოდ მან სწორედ Dogecoin შეარჩია. ილონ მასკის კრიპტომეგობრული პოზიციები და ქმედებები ხელს უწყობს კრიპტოს ფართოდ დამკვიდრებას. მისი გავლენა არაერთ ინდუსტრიაზე ვრცელდება და, მათ შორის, კრიპტობაზარსა და კონკრეტულად Dogecoin-ის ფასზეც.
5. „To The Moon“
ოდესმე წარმოიდგენდით კოსმოსური მისიების დაფინანსებას კრიპტოთი? მასკს ეს იდეა სამი წლის წინ გაუჩნდა. 2021 წელს SpaceX-მა და კანადის გეომეტრიული ენერგიის კორპორაციამ თანამშრომლობა დაიწყეს მთვარის კვლევით მისიაზე, სახელწოდებით DOGE-1. პროექტი 2022 წელს უნდა განხორციელებულიყო და სრულად დაფინანსებულიყო Dogecoin-ით, რაც მას აქცევდა პირველ კოსმოსურ მისიად, რომელიც სრულად კრიპტოთი დაფინანსდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისია ჯერჯერობით ვერ განხორციელდა, გიტოვებთ ამ თემაზე შექმნილ საინტერესო და გულისამაჩუყებელ ვიდეოს:
ჰო, მართლა, ვიდეოში სნუპ დოგსაც შეხვდები, რომელიც ასევე Dogecoin-ის ენთუზიასტია.
6. DOGE - Twitter-ის ახალი ლოგო
თუ ფიქრობ, რომ ილონ მასკისა და Dogecoin-ის თემა ამოვწურეთ, ცდები. ერთ მშვენიერ დღეს, ილონ მასკმა Twitter-ის (ახლა უკვე X) ლოგო მოულოდნელად Dogecoin-ით ჩაანაცვლა, რამაც კრიპტოს ღირებულება მომენტალურად გაზარდა. ამ ქმედებისთვის ინვესტორებმა მასკი კრიპტობაზრის მანიპულაციაში დაადანაშაულეს. საქმე სასამართლო პროცესამდეც კი მივიდა, რომელიც მასკის გამარჯვებით დასრულდა. საიდან გაუჩნდა მასკს ეს იდეა? ყველაფერი ასე დაიწყო:
7. D.O.G.E. – აშშ-ის ახალი სამთავრობო დეპარტამენტი
რაც შეეხება უახლეს მოვლენებს: ამერიკის ახალარჩეულმა კრიპტოენთუზიასტმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამოაყენა ახალი სტრუქტურის, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის, იგივე D.O.G.E-ის (Department of Government Efficiency), შექმნის იდეა, რომელსაც სათავეში ილონ მასკი და ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი ჩაუდგებიან. სახელი დამთხვევა არ უნდა იყოს და შეიძლება ითქვას, რომ ილონ მასკი ფაქტობრივად გააფორმებს „დოჯის მამის“ სტატუსს.
რა თქმა უნდა, საინტერესო ფაქტები Dogecoin-ის შესახებ ამით არ ამოწურულა, თუმცა შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ Dogecoin აღარ არის მხოლოდ მიმკოინი, რომელიც ხუმრობით დაიწყო – დღეს ის საბაზრო კაპიტალიზაციით მეექვსე უმსხვილესი კრიპტო და ნამდვილად „სახალხო კოინია“.