ბიტკოინის ორდინალები: ბიტკოინის პასუხი NFT-ს
ბიტკოინის ორდინალები (Bitcoin Ordinals) ბიტკოინის ბლოკჩეინის ქსელის ინფორმაციულად მდიდარი ციფრული აქტივებია, რომლებიც 2023 წლის დასაწყისში გამოჩნდა. ორდინალები NFT-ებს ჰგავს, მაგრამ არსებითად განსხვავებულ პროტოკოლს ეფუძნება. ორდინალები სატოშიში – ბიტკოინის ვალუტის უმცირეს დენომინაციაში – გაწერილი, თანმიმდევრულად დანომრილი ციფრული აქტივებია, რომლებსაც უნიკალური იდენტიფიკატორი და ტექსტუალურ-ვიზუალური ინფორმაციის გადაცემის დამატებითი ფუნქციონალი აქვს.
აქამდე ბიტკოინი მხოლოდ კრიპტოვალუტის ფორმით გამოიყენებოდა, NFT-ები კი, ტრადიციულად, ეთერიუმისა და სოლანას ქსელზე, „ჭკვიანი კონტრაქტების“ (Smart Contracts) საფუძველზე იქმნებოდა. 2021 წლის 14 ნოემბერს ბიტკოინის ენთუზიასტ კეისი როდარმორის ინიციირებული განახლებების (Segregated Witness და Taproot) შედეგად, შეიქმნა ბიტკოინის მისამართის ახალი ტიპის ფორმატი, რომლითაც შესაძლებელი გახდა დანომრილი სატოშების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ამოცნობა და ბიტკოინის ქსელის ადგილობრივი NFT-ების – ორდინალების – შექმნა.
ცოტა დამაბნეველი ხომ არ არის? ეგ არაფერი! მოდი, დეტალურად გავყვეთ.
ბიტკოინის ქსელი და ორდინალების დაბადება
დავიწყოთ იმით, რითაც კრიტპოვალუტის ისტორია იწყება – ბიტკოინით. ბიტკოინი (BTC) პირველი კრიპტოვალუტაა, რომლის შემქმნელადაც სატოში ნაკამოტო – ამ სახელის უკან მდგარი ანონიმური პიროვნება ან ჯგუფი – მიიჩნევა. მის სახელს ატარებს სატოში (SAT), ორდინალების პროტოკოლი. 1 BTC = 100 000 000 SAT.
ბიტკოინი (ეთერიუმისგან განსხვავებით) შეიქმნა, როგორც დეფლაციური ვალუტა, ანუ მისი მთლიანი მოცულობა შეზღუდული და წინასწარ განსაზღვრულია. 21 მილიონი ბიტკოინიდან 19.5 მილიონამდე ერთეული უკვე მოპოვებული, „დამინტულია“. ეს ნიშნავს იმას, რომ შეზღუდულია იმ სატოშების ოდენობაც, რომლებზეც ორდინალების შექმნაა შესაძლებელი. ეს ფაქტორი, ბიტკოინის სტატუსთან ერთად, ორდინალებს მიმზიდველობას და ინტერესს მატებს. NFT ტექნოლოგიის წამყვან ქსელთან, ეთერიუმთან, კონკურენციისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.
Ordinal „რიგითობას“, „რიგობით რიცხვით სახელს“ ნიშნავს და კარგად გადმოსცემს იმ ერთ-ერთ თავისებურებას, რაც ბიტკოინის ორდინალებს ტრადიციული NFT-ებისგან განასხვავებს: ორდინალების შესაქმნელად ხდება არსებული სატოშების დანომვრა და აღრიცხვა. ნომრის მინიჭებასა და ფასეულობას განსაზღვრავს სატოშის მაინინგის რიგითობა – ანუ, როდის იქნა მოპოვებული კონკრეტული სატოში. ამ პროცესის შედეგად, რომელიც ცნობილია, როგორც ინსკრიპცია, ანგარიშსწორების საშუალების გარდა, სატოშიზე ინფორმაციის დატანა და მისი ციფრულ აქტივად გადაქცევაა შესაძლებელი.
თავდაპირველად 1 სატოშიზე მაქსიმუმ 4 მეგაბაიტი მოცულობის ინფორმაციის დატანა შეიძლებოდა, თუმცა, მოგვიანებით, BRC-69 პროტოკოლის შემუშავებამ აღნიშნული შეზღუდვა გადაჭრა. სატოშის ორდინალების ნომრები 0-დან 2 100 000 000 000 000-მდეა. შესაბამისად, 1000-ე სატოშის ორიდნალის ნომერი 1000 იქნება. თეორიულად, 1 ორდინალი 1 სატოშის ტოლია, თუმცა მის რეალურ ღირებულებას განსაზღვრავს ინსკრიპცია – ის მიმზიდველობა, კონცეფცია და პერსპექტივა, რასაც შემქმნელი მასში დებს.
ორდინალების განმასხვავებელი თვისებები
მართალია, მარტივად ასახსნელად, ორდინალები შეგვიძლია „ბიტკოინის NFT“-ებადაც მოვიხსენიოთ, მაგრამ ტრადიციულ NFT-ებსა და ორდინალებს შორის არსებითი განსხვავებებია:
აქამდე სატოშებს შორის არსებულ ქრონოლოგიურ განსხვავებას მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, მაგრამ ახლა, ორდინალების შექმნის შემდეგ, ზოგი სატოში უფრო იშვიათი და ღირებულია. მეტიც, ლიმიტირებული ოდენობა და იშვიათობა ბიტკოინის ორდინალების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ასპექტია. სატოშების მთლიანი რაოდენობიდან, ქრონოლოგიურობიდან და იშვიათობიდან გამომდინარე, არსებობს ექვსი კატეგორია: Common (ჩვეულებრივი), Uncommon (არაჩვეულებრივი), Rare (იშვიათი), Epic (ეპიკური), Legendary (ლეგენდარული) და ყველაზე იშვიათი, უმაღლესი ინსკრიპციის – ორიგინალი ბლოკის სატოშის ორდინალი – Mythic (მითური).
ბიტკოინის ორდინალები დაცულობითაც გამოირჩევა. რადგანაც სრულად ბიტკოინის ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეფუძნება, ორდინალები უცვლელი და დაცულია, რაც საინვესტიციო თვალსაზრისით მომხიბვლელია.
ბიტკოინის ორად გაყოფილი ბანაკი
იქიდან გამომდინარე, რომ ბიტკოინი სრულიად დეცენტრალიზებული ბლოკჩეინია, მასში ცვლილებების შეტანა რთული პროცესია. არსებობს ბიტკოინის საზოგადოება – Bitcoin Core, რომელიც შესატან ცვლილებებს განიხილავს და ახორციელებს. ორდინალები სწორედ ასეთი განახლების შედეგად შეიქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ სატოშებისთვის დამატებითი ფუნქციონალის მინიჭებამ ბიტკოინის ბანაკში აზრი ორად გაყო.
ტრადიციონალისტებს მიაჩნიათ, რომ ბიტკოინი ანგარიშსწორებისა და თანხის შენახვის ფუნქციას უნდა ინარჩუნებდეს. მათი აზრით, ბიტკოინში განხორციელებულ ტრანზაქციებს სატოშიში გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობაც ემატება, რაც ანელებს პროცესს და ზრდის მაინერების მომსახურებისათვის გადასახდელ საკომისიოს. ნაწილი უფრო შორსაც მიდის და ამტკიცებს, რომ ორდინალების შექმნით სატოში ნაკამოტოს მთლიანი კონცეფცია ირღვევა და ილახება.
მეორე ნაწილი კი, რომელიც ცვლილებებს უჭერს მხარს, მიიჩნევს, რომ ბიტკოინმა მეტი ფუნქცია უნდა შეიძინოს და ახალი კულტურა შექმნას. მათ არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტიც, რომ ორდინალების გამოშვების შემდეგ ბიტკოინის ტრანზაქციები და გავრცელება გაიზარდა და ნულოვანი მისამართები ამოიწურა.
ორდინალების ცნობილი პროექტები
Ordinal Punks
Ordinal Punk-ები 192x192 პიქსელის გაფართოების 100 ორდინალიანი ექსკლუზიური კოლექციაა, რომელიც ვიზუალურად Crypto Punks-ის, ცნობილი NFT კოლექციის, მსგავსია. კოლექციის შემქმნელია FlowStay.
Ordinal Punk-ების საშუალო ფასი 100 000 დოლარია. Punk #94 9.5 ბიტკოინად, იმ მომენტისთვის დაახლოებით 214 000 დოლარად, გაიყიდა.
Bitcoin Wizards
2013 წელს Reddit-ის მომხმარებელმა, სახელად Mavensbot-მა, ბიტკოინის ჯგუფში ატვირთა მიმი სათაურით „ინტერნეტის ჯადოსნური ფული. შემოგვიერთდით“. ბიტკოინის საზოგადოებამ მიმი აიტაცა და სუბკულტურის ნაწილად აქცია. 2023 წელს, ორიგინალის შექმნიდან 10 წლის თავზე, გაეშვა 1 337 ჯადოქრიანი ციფრული კოლექცია, რომლის შემქმნელიც თავად ორიგინალი ილუსტრაციის ავტორია Taproot Wizards-თან ერთად.
Ordinal Maxi Biz
Ordinal Maxi Biz ორდინალების ინსკრიპცია სატოშის #9 ბლოკზე მოხდა. მეცხრე ბლოკის სატოშები თავად სატოში ნაკამოტომ მოიპოვა და ყველაზე ძველ და პრესტიჟულ სატოშებად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, ძალზე იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება.
Ordinal Maxi Biz კოლექციის ფასი 0.199 ბიტკოინიდან იწყება და ბლოგის წერის მომენტისთვის ყველაზე ძვირადღირებული Ordinal Maxi Biz #2093-ია, რომლის მიმიდინარე ღირებულებაც 420.69 ბიტკოინია (დაახლოებით $12 360 000).
ორდინალების სახით ბიტკოინის ქსელს ახალი ფუნქციონალი და შესაძლებლობები დაემატა, რითაც, კრიპტოვალუტის გარდა, დამატებით როლიც შეიძინა. ჯერჯერობით ორდინალები სიახლეა, რომელსაც თავისი უპირატესობები და შეზღუდვები აქვს. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ინსკრიპციის უფრო მოხერხებული გზებისა და ბიტკოინის გაზრდილი ფუნქციონალის გამოსაძებნად. ბიტკოინის ბანაკის რომელი ნაწილის მოლოდინები და შიშები გამართლდება, ჯერ რთული სათქმელია, ერთი რამ კი ცხადია – ახლა ბიტკოინის ქსელშიც არსებობს NFT-ის მსგავსი ფუნქციონალი და ამით ქსელი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.