Apple-ის AR/VR ჰედსეტი და Metaverse-ის ახლო მომავალი
5 ივნისს ინოვაციებით ცნობილმა Apple-მა Worldwide Developers Conference-ზე Apple Vision Pro — ვირტუალური რეალობის VR/AR ჰედსეტი წარადგინა. ახალი მოწყობილობა, რომელიც მოთხილამურის სათვალისა და ველოსიპედისტის ჩაფხუტის ფუტურისტულ ვერსიას მოგვაგონებს, უკვე შეფასდა, როგორც გამრღვევი ტექნოლოგია, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში გადატრიალებას მოახდენს.
მართალია, VR ჰედსეტი სიახლე არ არის, თუმცა Apple Vision Pro სრულიად ახლებურ გამოცდილებას გვთავაზობს. მისი მეშვეობით მომხმარებელი ციფრულ კონტენტთან ურთიერთქმედებს ისე, თითქოს მის ფიზიკურ სივრცეში არსებობდეს. Apple-ის განცხადებით, მოწყობილობა „რევოლუციური სივრცითი კომპიუტერია, რომელშიც ფიზიკურ რეალობას ციფრული კონტენტი იმდენად ორგანულად ერწყმის, რომ ვირტუალურ კომუნიკაციასთან ერთად, რეალურ სამყაროსთან კავშირი არ წყდება“.
ნახშირბადის ბოჭკოებითა და ალუმინის შენადნობით დამზადებული მაღალი რეზოლუციის ჰედსეტი მომხმარებლის თვალებით, ხელებითა და ხმოვანი სიგნალით აქტიურდება. მოწყობილობას ორი ეკრანი, 120-გრადუსიანი ხედვის არეალი, თითო გრადუსზე 32 პიქსელი (PPD) და 60 PPD ფოკუსური გარჩევადობა აქვს. ჰედსეტი აღჭურვილია Apple-ის სილიკონის ჩიპით — M2 და მასში ინტეგრირებულია 16 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება.
VR/AR სათვალეში ჩაშენებულია H2 აუდიოჩიპი, რომელთანაც დაკავშირება უსადენოდ, ყურსასმენების სტანდარტული 3.5მმ-იანი პორტის გარეშე მოხდება.
გახსოვთ 2018 წელს გამოსული ფილმი Ready Player One? მსგავსება მართლაც შთამბეჭდავია. მხოლოდ ერთი განსხვავებით — ეს უკვე რეალობაა:
Apple Vision Pro-ს სივრცითი ოპერაციული სისტემა მომხმარებელს სამგანზომილებიან ინტერფეისს სთავაზობს და Apple-ის ტრადიციულ აპლიკაციებს ხელმისაწვდომს უკვე რეალურ სივრცეში ხდის. საწყის ეტაპზე მომხმარებლებს შეეძლებათ, ითამაშონ 100-ზე მეტი თამაში სრულიად განსხვავებული გამოცდილებით. ამას გარდა, ფუნქციით, რომელსაც Apple „თვალთახედვას“ (EyeSight) უწოდებს, გარე დამკვირვებელს მოწყობილობით მოსარგებლე მომხმარებლის თვალების დანახვა შეეძლება.
ახალი შესაძლებლობები მეტავერსისთვის
ვირტუალური რეალობის ჰედსეტით Apple-მა ხმამაღალი განაცხადი გააკეთა Web3 ინდუსტრიაში. მართალია, კომპანია ახალი პროდუქტის საკომუნიკაციო ლექსიკაში არ იყენებს სიტყვებს „მეტავერსი“ და „Web3“, თუმცა ტექნოლოგია მომხმარებლისთვის აღქმად და ხელშესახებად ხდის იმას, რასაც Web3 ტექნოლოგია ბოლო წლების განმავლობაში ავითარებს. ის, რაც ბევრისთვის ბუნდოვანი იყო, Apple-ის VR/AR სათვალის პირობებში უკვე არც ისე შეუძლებელ და ფუტურისტულ რეალობად ჩანს.
Apple-ის ახალი ტექნოლოგია კარს უღებს Web3 დეველოპერებს და შესაძლებლობას აძლევს, შექმნან ინოვაციური პროდუქტები და გამოცდილება, რაც მანამდე ხელმისაწვდომი არ იყო. დარგის ექსპერტების აზრით, ეს ტექნოლოგია მეტავერსში პროცესებს დააჩქარებს და ინოვაციებს უფრო შთამბეჭდავს გახდის.
დღეს უკვე არსებობს რამდენიმე ვირტუალური რეალობის მეტავერსი, რომელში შესვლას VR მოწყობილობით შეძლებთ. მაგალითად, პირველი თანაბარუფლებიანი (P2P) VR-მეტავერსი — Neos Metaverse და Somnium Space, რომელიც პოზიციონირებს, როგორც „ღია, სოციალური და შეუჩერებელი VR სამყარო“. 30 მაისს Twitter-ზე Somnium Space-მა საკუთარი VR ჰედსეტის ფუნქციონალის განახლების თაობაზე განაცხადა.
Apple-ის ამ ინოვაციურ პროდუქტს Twitter-ზე უკვე გამოეხმაურნენ მეტავერსის ისეთი მსხვილი პლატფორმები, როგორიცაა Decentraland და Sandbox.
ჯერჯერობით, Apple-ს ვირტუალური რეალობის ჰედსეტი პრემიუმპროდუქტი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ფასი საკმაოდ მაღალი — სავარაუდოდ, $3 499 იქნება. ბაზარზე Apple Vision Pro-ს გამოსვლა 2024 წლის დასაწყისში იგეგმება. რაც შეეხება მის გავლენას სრულად მეტავერსზე, ამას არც თუ ისე შორეულ მომავალში ვიხილავთ.