ტექბლოგი

უცნაური ამბები კრიპტოსამყაროდან

თუკი კრიპტოსამყაროდან მხოლოდ ორი პიცისა და ბიტკოინის ამბავზე გსმენია, ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. არ იდარდო, ჩვენ გიამბობთ ხუთ ყველაზე  უცნაურ, დაუჯერებელ, სახალისო და კომიკურ ამბავს.

„დავიწყებული“ ინვესტიცია

პირველ რიგში, მოგიყვები ადამიანზე, რომელმაც 2009 წელს 5 000 ბიტკოინი $27-ად იყიდა და მხოლოდ ოთხი წლის შემდეგღა გაახსენდა. კრისტოფერ კოხი კრიპტოგრაფიაზე სამაგისტრო დისერტაციას წერდა, როცა დაახლოებით 150 ნორვეგიული კრონით ბიტკოინის ყიდვა გადაწყვიტა. 2013 წელს, როდესაც ბიტკოინის ფასი საგრძნობლად გაიზარდა, კრისტოფერმა „დავიწყებული“ ინვესტიცია გაიხსენა. მისდა გასაკვირად, 5 000 ბიტკოინი $880 000 გამხდარიყო. მან ბიტკოინების ნაწილი გაყიდა და ოსლოში ძვირადღირებული ბინა შეიძინა. კრისტოფერის ადგილზე გაყიდდი, თუ დაიცდიდი და დღეს ნახევარი მილიარდი დოლარით დატკბებოდი? 

„პაპა ჯონსის“ 2 პიცა თუ $1 მილიარდი?

გამეორება ცოდნის დედააო და მოდი, ორი პიცისა და ბიტკოინის საკულტო ამბავი გავიხსენოთ. 2010 წელს პროგრამისტმა ლასლო ჰანიეცმა ორი პიცაში 10 000 ბიტკოინი გადაიხადა. ამ მოვლენის შემდეგ (და, იქნებ, ლასლოს ნერვების მოსაშლელადაც), ბიტკოინს ბევრი დრო არ დასჭირვებია, რომ 1 დოლარისთვის მიეღწია. 2010 წელს $41-ის ეკვივალენტი ბიტკოინით შეძენილი „პაპა ჯონსის“ ორი პიცა დღეს თითქმის $1 მილიარდად ფასობს.

$800 მილიონის ბიტკოინი ნაგავსაყრელში

ახლა ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ საინტერესო და სევდიან  ამბავი: 2013 წელს ჯეიმს ჰოუელსმა თქვა, რომ მისმა ყოფილმა შეყვარებულმა ნაგავში შეცდომით მოისროლა მყარი დისკი, რომელზეც 8 000 ბიტკოინი (კრიპტოგრაფიული გასაღები) ინახებოდა. ჰოუელსი მყარ დისკს ნიუპორტისა და უელსის ნაგავსაყრელებზე დღემდე ამაოდ დაეძებს. 

ბიტკოინის ფასის მატებასთან ერთად დისკის პოვნის სურვილიც მძაფრდებოდა. ჰოუელსმა ჯილდოც კი დააწესა – ის საბჭოსა და ადგილობრივებს სრული თანხის 30%-ს ჰპირდებოდა, თუმცა უშედეგოდ. შენ რას იზამდი, მოძებნიდი ნემსს თივის ზვინში, თუკი ნემსი $800 მილიონამდე ეღირებოდა?

ბიტკოინური მარადიული სიყვარული

და რას იტყოდი წყვილზე, რომელმაც ქორწილი ბიტკოინის ბლოკჩეინზე დაარეგისტრირა? არ მოგესმა, 2014 წელს, ბიტკოინის კონფერენციაზე ფლორიდაში, დევიდ მონდრუსმა და ჯოის ბაიომ გადაწყვიტეს მათი თანხმობა ბლოკჩეინის ბლოკში ჩაეწერათ, როგორც მარადიული სმარტკონტრაქტი. ტრადიციული ქორწინების მოწმობაზე ხელმოწერის ნაცვლად, მათ თავიანთი თანხმობა ბიტკოინის ბლოკჩეინში უკვდავყვეს. როგორი რომანტიკულია ფიცის დადება ბლოკჩეინში, სადაც მონაცემები, სიყვარულის მსგავსად, არასდროს წაიშლება?!

ბლოკჩეინი – თავისუფალი სიტყვის პლატფორმა

იცოდი, რომ ბლოკჩეინში უამრავი დაშიფრული შეტყობინება ინახება? ჩანაწერებს ვხვდებით ცნობილი წიგნებიდან, ფილმებიდან, ლექსებიდან და არამხოლოდ. მაგალითად, 2013 წლის 12 თებერვალს ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბლოკში ჩაწერა ციტატა ფილმიდან „მატრიცა“. „There is no spoon”.

ბლოკჩეინი იდეალურია პოლიტიკური თუ საპროტესტო შეტყობინებების ჩასაწერად, რამდენადაც დეცენტრალიზებულია, თავისუფალია ცენზურისგან, უზრუნველყოფს ანონიმურობას, ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და მასში ინფორმაციის წაშლა-შეცვლა შეუძლებელია. მაგალითად, ჰონგ-კონგის 2019 წლის ცნობილი საპროტესტო აქციების დროს აქტივისტებმა შეტყობინებები ეთერიუმის ბლოკჩეინში ჩაწერეს, რათა ცენზურას გაჰქცეოდნენ და ასე გამოეხატათ პროტესტი ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ცნობილ ჩანაწერთაგან ერთ-ერთია: „Liberate Hong Kong, the revolution of our times.“ (光復香港,時代革命)

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი, ბიტკოინის ბლოკჩეინში ჩაიწერა შემდეგი გზავნილები: „Stop war, save Ukraine“, „Putin is a war criminal“. ასე რომ, ბლოკჩეინი ნამდვილად იქცა თავისუფალი სიტყვის პლატფორმად, სადაც ყველას შეუძლია თქვას თავისი სათქმელი და არაფრის ეშინოდეს.

მომდევნო ბლოგში კრიპტოსამყაროს სხვა საინტერესო ამბებით დაგიბრუნდებით. 

სხვა ბლოგები