შეინახავს შვეიცარიის ეროვნული ბანკი ბიტკოინს?
%20(1).png)
კრიპტოენთუზიასტები შვეიცარიის ეროვნულ ბანკს (SNB) ბიტკოინის შეძენისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და, განსაკუთრებით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფებისა და მზარდი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ეს ფინანსური სტაბილურობისათვის აუცილებელია. (ინფორმაციას Reuters ავრცელებს).
2024 წლის დეკემბერში გამოჩნდა რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს შვეიცარიის ფედერალურ კონსტიტუციაში შესწორების შეტანასა და შვეიცარიის ეროვნული ბანკისთვის, რეზერვის სახით, ოქროსთან ერთად, ბიტკოინის შეძენისა და შენახვის ვალდებულებას.
ლუციუს მაისერის, კრიპტობროკერული კომპანია Bitcoin Suisse-ის მმართველი საბჭოს წევრის თქმით, ბიტკოინის შესყიდვა შვეიცარიის ეროვნულ ბანკს პოლიტიკურ წნეხს შეუმსუბუქებს და დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს. მისი მოსაზრებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ პირობებში, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის რეზერვების დაახლოებით 75% დოლარსა და ევროში ინახება.
„ბიტკოინის ყიდვა და შენახვა ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგან სამყარო მულტიპოლარული ხდება, დოლარი და ევრო კი სუსტდება“, — აცხადებს მაისერი.
შვეიცარია კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინტექნოლოგიების ერთ-ერთ წამყვან ჰაბად ყალიბდება, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე კრიპტო – ეთერიუმი (ETH), სწორედ შვეიცარიის ქალაქ ცუგში დაარსდა.
აღსანიშნავია, რომ ლუცერნის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კრიპტოაქტივებს შვეიცარიის მოსახლეობის დაახლოებით 11% ფლობს.
მიუხედავად ამისა, შვეიცარიის ეროვნული ბანკი სკეპტიკურად არის განწყობილი, რასაც განაპირობებს კრიპტოაქტივების მერყევი ბუნება და ტექნიკური რისკები. სწორედ ამ მიზეზით იკავებენ თავს ბიტკოინის შეძენისგან. „კრიპტოვალუტა დამოკიდებულია პროგრამულ უზრუნველყოფაზე და როგორც იცით, პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზები ყოველთვის არსებობს“, — განაცხადა შვეიცარიულ გამოცემა Tages-Anzeiger-სთან შვეიცარიის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე მარტინ შლეგელმა.
ივ ბენაიმი, ზემოხსენებული რეფერენდუმის (Bitcoin Initiative) ინიციატორი, აღნიშნავს, რომ ბიტკოინის ქსელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საიმედო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურაა, რომელიც მუდამ იხვეწება.
მიუხედავად იმისა, ბენაიმიც და მაისერიც თავად ფლობენ ბიტკოინს, ორივე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინიციატივის მიზანი პირადი სარგებლის მიღება არ არის. ბენაიმი აღნიშნავს, რომ ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად დაახლოებით 2 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს, მისი ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა კი მილიარდობით დოლარს შეადგენს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ აქტივად აქცევს.
„ჩვენ არ მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, რომ რეზერვები სრულად ბიტკოინში გადაიტანოს. თუმცა, როდესაც სარეზერვო ფონდის მოცულობა დაახლოებით 1 ტრილიონ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს, გონივრულია, რომ მინიმუმ 1-2%-ის ინვესტიცია მოხდეს აქტივში, რომელიც მზარდი ღირებულებით, მაღალი უსაფრთხოებითა და უნივერსალური მიმზიდველობით ხასიათდება“, — აცხადებს ბენაიმი.