ტექბლოგი

რა განსხვავებაა Base და Ethereum-ის ქსელებს შორის?

თუ ეთერიუმს (ETH) ხშირად იყენებ, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგება. Coinmania-ზე Base დაემატა, რაც ნიშნავს, რომ ეთერიუმის გადარიცხვა ახლა არა მხოლოდ Ethereum-ის ტრადიციული ქსელით, არამედ Base ქსელითაც შეგიძლია.

ამ ბლოგში შეიტყობ, თუ რა ძირითადი განსხვავებებია ამ ორ ქსელს შორის.

ტექნოლოგიური 

Ethereum იყენებს Layer 1 ბლოკჩეინს — მთავარ ბლოკჩეინს, რომელზეც ყველა განხორციელებული ტრანზაქცია პირდაპირ ფიქსირდება; Base კი Layer 2 (Optimistic Rollup) ტექნოლოგიით მუშაობს — დამხმარე სისტემით, რომელიც აგროვებს და ამუშავებს ბევრ ტრანზაქციას და შემდგომ აგზავნის მთავარ ბლოკჩეინზე (Layer 1-ზე). ეს ამცირებს როგორც ტრანზაქციის ხარჯს, ისე დამუშავების დროს.

მარტივი შედარებისთვის, Layer 1 არის „მთავარი გზატკეცილი“, სადაც ხშირად საცობია, ხოლო Layer 2 „საზოგადოებრივი ტრანსპორტია“, მაგალითად – მეტრო, რომელიც ბევრ ადამიანს ერთდროულად ემსახურება, დანიშნულების ადგილზე უფრო სწრაფად და იაფად მიჰყავს.

სიჩქარე და საკომისიო

მუშაობის მექანიზმიდან გამომდინარე, Base და Ethereum-ის ქსელებს შორის მთავარი განსხვავება საკომისიოები და სიჩქარეა. Base მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანზაქციის საფასურს, რაც ხშირად მხოლოდ რამდენიმე ცენტია. Ethereum-ის საკომისიო კი, ქსელის დატვირთულობის მიხედვით, რამდენიმე დოლარიდან ათეულ დოლარამდე მერყეობს.

Base-ის ქსელში ტრანზაქციები ბევრად უფრო სწრაფად მუშავდება. მაშინ, როცა Ethereum-ზე ტრანზაქციის შესრულებას საშუალოდ 1-5 წუთი სჭირდება, Base-ზე მხოლოდ — 1-5 წამი.

უსაფრთხოება და დეცენტრალიზაცია

უსაფრთხოების დონე ორივე ქსელისთვის პრაქტიკულად იდენტურია, რადგან Base ქსელი Ethereum-ის უსაფრთხოების მოდელს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ Layer 2-ის ტრანზაქციები საბოლოოდ მაინც Ethereum-ზე (Layer 1) ფიქსირდება.

დეცენტრალიზაციის მხრივ კი, Ethereum აშკარად ლიდერობს, რაც კრიპტოსამყაროში განსაკუთრებით ფასობს. Ethereum-ის ტრანზაქციების დადასტურებაში ქსელში ათასობით დამოუკიდებელი ნოდი (ქსელის წევრი კომპიუტერი) მონაწილეობს. 

Base, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟა Coinbase-ის შექმნილი ბლოკჩეინია, ქსელის ტექნოლოგიური განვითარება და ტრანზაქციების ბლოკებში განაწილება დამოკიდებულია Coinbase-ზე, რაც მას შედარებით ნაკლებად დეცენტრალიზებულს ხდის. თუმცა, ამ ქსელის მიზანი დეცენტრალიზაციისკენ სვლა და უფრო გახსნილი ინფრასტრუქტურის შექმნაა.

ეკოსისტემა და განვითარება

Ethereum-ს ყველაზე მდიდარი ეკოსისტემა აქვს — ათასობით DApp, NFT და DeFi პროექტი სწორედ ამ ქსელზეა გაშვებული.

Base კი ბაზრის ახალი მოთამაშეა, რომელიც აქტიურად იზრდება. ეს მეტ შესაძლებლობას, პროექტსა და სერვისს ნიშნავს.

დასკვნა

Ethereum, თავისი დეცენტრალიზებული ბუნებით, კრიპტოეკოსისტემის გამწევ ძალად რჩება; Base ქსელი კი იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს სწრაფ, ხელმისაწვდომ და მარტივ გადაწყვეტას ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის.

Base-სა და Ethereum-ის ქსელები ერთმანეთს არ ანაცვლებს — ისინი ერთმანეთს ჰარმონიულად ავსებს. Coinmania-ზე ორივე ქსელი ხელმისაწვდომია, არჩევანი შენზეა! 🚀

სხვა ბლოგები