ტექბლოგი

ყველაზე კრიპტომეგობრული ქვეყნები: სალვადორი

ვაგრძელებთ კრიპტომეგობრული ქვეყნების გაცნობას და კიდევ ერთ კუნძულოვან სახელმწიფოზე ვისაუბრებთ — ამჯერად ატლანტიკის ოკეანის გადაღმა. ქვეყანა, რომელსაც ოცამდე კუნძული აქვს და უშუალოდ ესაზღვრება ჰონდურასსა და გვატემალას, გახლდათ პირველი, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ კრიპტოვალუტად და ანგარიშსწორების საშუალებად გამოაცხადა და ბიზნესოპერატორებს ბიტკოინში თანხის მიღება კანონმდებლობით განუსაზღვრა. კრიპტომეგობრული ქვეყანა, რომელსაც მაიასა და აცტეკების ცივილიზაციების კვალი დღესაც ეტყობა, ჩვენგან 12 000 კილომეტრით დაშორებული სალვადორია.

ქვეყნის ზოგადი პროფილი

სალვადორი ცენტრალური ამერიკის ყველაზე პატარა და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოა. სან-სალვადორი დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია. სალვადორის სახელმწიფო ენა ესპანურია, ხოლო ვალუტა, 2001 წლიდან, აშშ დოლარი, რომელმაც კოლონი ჩაანაცვლა.

2022 წლისთვის სალვადორის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 31.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მდიდარი ბუნებისა და კულტურის მქონე სალვადორი ეკონომიკური დოვლათით ვერ გამოირჩევა. ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის, კრიმინალისა და კორუფციის დონე.

საშუალო ყოველთვიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (გადასახადების შემდეგ) დაახლოებით $ 400 შეადგენს, რაც ხშირად საკმარისი არ არის. 3 მილიონამდე სალვადორელი შეერთებულ შტატებში ემიგრირდა და სამშობლოში გამომუშავებულ თანხას აგზავნის. სწორედ ამიტომ, ფულადი გზავნილები ქვეყნის ეკონომიკის მთავარი შემავსებელია. სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და მრეწველობა ქვეყნის ეკონომიკის სხვა, წამყვანი მიმართულებებია.

სალვადორი ტურისტის პერსპექტივით

ტურისტებისთვის სალვადორი საკმაოდ ბიუჯეტური ქვეყანაა. მოგზაურების თქმით, ყველაზე ბიუჯეტურად დღეში $35 დაგეხარჯებათ, $90-ად კი დარჩებით Airbnb-ის ბინაში, შეძლებთ ტაქსით გადაადგილებას, გარეთ კვებას, ბარში ლუდის დალევასა და ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებას.

სალვადორი თბილი კლიმატის და მსუბუქი სამოსის მოყვარულებისთვის მისწრებაა — სხვა ეკვატორული ქვეყნების მსგავსად, ტროპიკული კლიმატია და ზაფხულისა და ზამთრის ტემპერატურებს შორის სხვაობა მცირეა. ყველაზე ცივ თვეებში საშუალო ტემპერატურა 20º ცელსიუსზე „ვარდება“. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სალვადორი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და საკმაოდ ხშირია მიწისძვრები და ვულკანები. თუ მოქმედი ვულკანის ნახვა თქვენი ოცნებების სიის ნაწილია, რუკაზე სალვადორი მოინიშნეთ.

ტროპიკული ტყეები, ეგზოტიკური ცხოველები და ხილი, ლამაზი სანაპიროები, სერფინგისთვის იდეალური ტალღები, მთები და ტბები, აქტიური ვულკანი, არქეოლოგიური პარკები, მსოფლიოში განთქმული ყავა… და ამ ყველაფრით სარგებლობა ბიტკოინის გადახდით შეგიძლიათ.

კრიპტოვალუტა სალვადორში

2021 წლის ივნისში ქვეყნის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ საზოგადოებას ამცნო საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომელიც ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად მიღებას ითვალისწინებდა. 84 მომხრით 62-ის წინააღმდეგ, კანონპროექტი დამტკიცდა და იმავე წლის 7 სექტემბერს სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც პროდუქციისა და მომსახურებისთვის ბიტკოინში ანგარიშსწორება საკანონმდებლო დონეზე დაამტკიცა.

ბიტკოინში ტრანზაქციები არ ექვემდებარება კაპიტალის მოგების გადასახადს და უცხო ქვეყნის მოქალაქე ინვესტორები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში 3 ბიტკოინზე მეტ თანხას ჩადებენ, სალვადორში მუდმივი საცხოვრებლის უფლებას მიიღებენ. ბიტკოინის პოპულარიზაციისა და გამოყენების გამარტივების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი ბიტკოინბანკომატი დაიდგა; მთავრობამ გამოყო სპეციალური ფონდი, შეისყიდა ბიტკოინები და გამოუშვა Chivo — დოლარისა და ბიტკოინის გაცვლის ოფიციალური, ადგილობრივი კრიპტოსაფულე. კონვერტირებას არ ერიცხება საკომისიო. მთავრობის ინიციატივით, ნებისმიერი, რომელიც დარეგისტრირდებოდა Chivo-ზე, მიიღებდა 30 დოლარის შესაბამის ბიტკოინს საფულეში. ჯამში, ამისთვის $75 მილიონი გამოიყო.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოუჩდნენ მომხმარეებიც და მოწინააღმდეგეებიც. კრიტიკული შეფასებები გააკეთეს ისეთმა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა მსოფლიო სავალუტო ფონდი (IMF), მსოფლიო ბანკი და გაერო. მთავრობის გადაწყვეტილებას აღფრთოვანებით არ შეხვედრია მოსახლეობის დიდი ნაწილიც.

მართალია, Chivo-ს კერძო კომპანია მართავს, მაგრამ პლატფორმის მონაცემებსა და პოლიტიკას მთავრობა განკარგავს. გამჭირვალობის ნაკლებობამ და ბიტკოინისადმი გარკვეულმა უნდობლობამ საზოგადოებრივი პროტესტები გამოიწვია. სახელმწიფოს მცდელობებისა და კრიპტოს ხელშეწყობისთვის გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ბიტკოინის ფართო მიმღებლობა ჯერ ვერ მოხდა. სალვადორის სავაჭრო პალატის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონით სავალდებულოა, 2022 წლის მარტისთვის ბიზნესოპერატორების მხოლოდ 14%-ს ჰქონდა გატარებული თუნდაც ერთი ბიტკოინტრანზაქცია. მოსახლეობის შემთხვევაში, ფართო პოპულარიზაციის შეფერხებაში თავის როლს ინტერნეტზე წვდომის ნაკლებობაც თამაშობს.

2022 წლის მაისში ნაიბ ბუკელემ გამოაცხადა, რომ იგეგმება ე.წ. „ჭკვიანი ქალაქის“ შექმნა, რომელის კონცეფციაც მთლიანად ბიტკოინის გამოყენებაზე იქნება აგებული. პროექტის მიხედვით, ბიტკოინობლიგაციებით დაფინანსებული ქალაქი კონჩაგუას ტერიტორიაზე გაშენდება და მსოფლიოში პირველი „ბიტკოინის ქალაქი“ იქნება. ქალაქი გათავისუფლებული იქნება საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადებისგან. იმოქმედებს მხოლოდ 10%-იანი დღგ, რომელიც განაშენიანებასა და განვითარებაში დაიხარჯება.

ბიტკოინის ფასის კლების ტენდენციამ თავისი შედეგები სალვადორშიც ჰპოვა, თუმცა, ქვეყნის პოლიტიკა კრიპტომეგობრული რჩება და „ბიტკოინის ქალაქის“ პროექტის განხორციელება ქვეყანას ნამდვილ კრიტპოჰაბად აქცევს. ამასთან, 2023 წლის გაზაფხულზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გადასახადებისგან გათავისუფლდეს ისეთი ტექნოლოგიური ინოვაციები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფა, კოდირება, აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და სხვა, რაც ტექნოლოგიური ინდუსტრიისათვის დიდი ხელშეწყობაა.

ტექნოლოგიისა და კრიპტოსამყაროს ენთუზიასტებისთვის სალვადორი ნამდვილად მიმზიდველი ქვეყანაა, სადაც ფანტაზიას და შესაძლებლობებს მთავრობის მხარდაჭერაც უმაგრებს ზურგს.

სხვა ბლოგები