ყველაზე კრიპტომეგობრული ქვეყნები: მალტა

Ana Nemsitsveridze

By 

Ana Nemsitsveridze

Published 

Oct 19, 2023

ყველაზე კრიპტომეგობრული ქვეყნები: მალტა

კრიპტოვალუტისადმი ყველა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა აქვს. ზოგი აქტიურად ცდილობს კრიპტოვალუტის ფართო გავრცელების ხელშეწყობას, ზოგ ქვეყანაში კი, როგორიცაა ეგვიპტე, კოლუმბია, კატარი და სხვა, კრიპტოვალუტა აკრძალულია.

ამ ბლოგში გირჩევთ იმ კრიპტომეგობრულ ქვეყანას, სადაც კრიპტოვალუტით დაინტერესებულებს შეუძლიათ საქმიანობა და დასვენება იდეალურად შეათავსონ.

დავიწყოთ ევროპით და ხმელთაშუა ზღვის ლამაზი, ჯუჯა სახელმწიფოთი. ეს ქვეყანა 6 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულის სახელს ატარებს და მისი სახელწოდება ფინიკიელთა ენაზე „ნავსაყუდელს“ ნიშნავს. ეს ქვეყანა მართლაც იდეალური ნავსაყუდელია მათთვის, ვისაც ლამაზი ბუნება, კულტურა და კრიპტობიზნესისადმი ხელსაყრელი პირობები იზიდავს.

დიახ, ეს ერთ-ერთი კრიპტომეგობრული ქვეყნა მალტაა.

მალტა ევროპის ერთ-ერთი პატარა სახელმწიფოა, რომლის ფართობიც მხოლოდ 316 კმ2-ია. მალტის დედაქალაქია ვალეტა, ქვეყნის უდიდესი ქალაქი კი — ბირკირკარა. მალტის მოსახლეობა დაახლოებით ნახევარ მილიონს შეადგენს. ქვეყნის ოფიციალური ენები მალტური და ინგლისურია, რაც ინგლისურად მოსაუბრე უცხოელებს მალტაში მოგზაურობას, ცხოვრებასა და მუშაობას უადვილებს. 2004 წლიდან მალტა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა და მოქმედებს შენგენის ვიზა.

2022 წლის მონაცემებით მალტის მშპ 17.36 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს, გადასახადების შემდეგ საშუალო ხელფასი — 1 308 ევროს. ქვეყნის წამყვანი ეკონომიკური დარგებია ფინანსური სერვისები, ტურიზმი და მრეწველობა.

მალტა ერთ-ერთი პიონერი ქვეყანაა კრიპტომეგობრული კანონმდებლობის შემუშავების მხრივ. იმისთვის, რომ მალტა კრიპტობიზნესისთვის მიმზიდველი გამხდარიყო, 2018 წლიდან ქვეყნის მთავრობამ არაერთი საკანონმდებლო აქტი და ბლოკჩეინპროექტი შეიმუშავა. მალტა იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც წარმოადგინა განაწილებული ჟურნალის ტექნოლოგიის (DLT) მარეგულირებელი ყოვლისმომცველი ჩარჩო და ეკოსისტემა, რომელიც ვალუტისა და ბიზნესის განვითარებას ემსახურება. ამასთან, მალტა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც განავითარა ბლოკჩეინზე დაფუძნებული IP რეესტრი და 60 000 ჩანაწერი ბლოკჩინის ქსელის დახმარებით გადასცა. თანმიმდევრულმა და პროგრესულმა პოლიტკამ შედეგი გამოიღო და მალტა იქცა კრიპტოჰაბად, რომელსაც „ბლოკჩეინის კუნძულადაც“ კი მოიხსენიებენ.

მალტის კანონმდებლობით კრიპტოვალუტა ფინანსური ტრანზაქციებისა და დანაზოგის გაკეთების ერთეულია და აქედან გამომდინარე, მათზე, ვინც გრძელი ვადით ინახავს კრიპტოაქტივებს, კაპიტალის მოგების გადასახადი არ ვრცელდება. ბიზნესის მოგების გადასახადს იხდიან კრიპტოტრეიდერები, რომელთა მთავარი საქმიანობაც კრიპტოვალუტით ვაჭრობაა. აღნიშნული გადასახადი 35%-ს შეადგენს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, მალტის საგადასახადო სისტემა მხედველობაში იღებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილი და კრიპტოდან მიღებული შემოსავალი და შესაძლოა, მოგების გადასახადი პირს საერთოდ არ შეეხოს ან მხოლოდ 3%-ს გაუტოლდეს.

კრიპტოსმეგობრული გარემოს გამო, მალტაში არაერთი კრიპტოსტარტაპი ფუნქციონირებს, მათ შორის: Quidax, Vaiot, LDEX და სხვ. არსებობენ კომპანიები, რომელთა სერვისის საფასური ბიტკოინით შეგიძლიათ დაფაროთ. ასეთებია, მაგალითად:

  • Malta Grand Central: სამუშაო სივრცე სტარტაპებისა და ბიზნესებისთვის
  • Quicklets & Zanzi Homes: უძრავი ქონების სააგენტო
  • Tennisline: ჩოგბურთის კორტები და სასწავლო კურსები
  • QPartz: ავტონაწილების მწარმოებელი, რომელიც ემსახურება BMW-ს.

ასე რომ, თუ მოგწონთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ჰავა, ლამაზი სანაპიროები გიტაცებთ და საფულეში კრიპტოვალუტაც გეგულებათ, მალტა რუკაზე აუცილებლად უნდა მოინიშნოთ.

რეგისტრაცია

გაიგე მეტი

გამოიწერე ჩვენი ბლოგი და მიიღე უახლესი ინფორმაცია

Related Posts