Top 10 ახალი პროფესია ბლოკჩეინრევოლუციის მიჯნაზე

Ana Nemsitsveridze

By 

Ana Nemsitsveridze

Published 

Sep 3, 2024

Top 10 ახალი პროფესია ბლოკჩეინრევოლუციის მიჯნაზე

ტექნოლოგიური პროგრესი ყოველთვის იყო დიდი ცვლილებების კატალიზატორი. განვითარების ახალ საფეხურებზე ჩნდებოდა პროფესიები, რომლებიც გადაჯაჭვული იყო ტექნოლოგიურ ევოლუციასთან.

დღეს, ციფრული სამყაროსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, ყალიბდება Web3 – ინტერნეტის რევოლუციური კონცეფცია, რომელიც კომუნიკაციის აქამდე არსებულ სტილს სრულიად ცვლის. დეცენტრალიზაციაზე, გამჭვირვალობასა და ციფრული საკუთრების ფლობაზე აქცენტირებულმა სივრცემ უკვე გააჩინა ინოვაციური, საინტერესო და, რაც მთავარია, პერსპექტიული პროფესიები, რომელთა შესახებაც ამ ბლოგში გიამბობთ. იმედი გვაქვს, რომელიმე მათგანი თქვენი კარიერული წინსვლისთვის საინტერესო აღმოჩნდება.

ბლოკჩეინის დეველოპერი

Web3-ის ერთ-ერთი საკვანძო პროფესიით დავიწყოთ. ბლოკჩეინის დეველოპერები Web3 რევოლუციის „ფრონტის ხაზზე“ არიან, რადგან Web3 ბლოკჩეინტექნოლოგიას ეფუძნება. ბლოკჩეინი წარმოადგენს „ბლოკების ჯაჭვს“, განაწილებულ მონაცემთა ციფრულ ჟურნალს, რომელიც კომპიუტერული ქსელის კვანძების მეშვეობით ზიარდება. ბლოკჩეინის დეველოპერები ქმნიან დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს, ე.წ. „ჭკვიან კონტრაქტებს“ (Smart Contracts) და ბლოკჩეინის პროტოკოლებს. ამ პროფესიის წარმომადგენელს სჭირდება კრიპტოგრაფიული პრინციპებისა და დეცენტრალიზებული ალგორითმების სიღრმისეული ცოდნა; კარგად უნდა ერკვეოდეს ისეთ პროფესიულ ენებში, როგორიცაა Solidity (ეთერიუმის ქსელზე აგებული პროექტებისთვის), Rust (პოლკადოთის პლატფორმისთვის) და JavaScript (სხვა ბლოკჩეინის პლატფორმებისთვის).

თუ მოქმედი პროგრამისტი ხართ და პროფილის შეცვლა გსურთ, ან პროფესიად პროგრამირებას განიხილავთ, ბლოკჩეინის დეველოპერობა ერთ-ერთი დასაფიქრებელი ვარიანტია.

დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სპეციალისტი

ბლოკჩეინტექნოლოგიამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ფინანსურ სისტემას, რომელიც ბანკის ტიპის შუამავალს არ საჭიროებს. DeFi დეცენტრალიზებული ფინანსური ტექნოლოგიაა, რომელიც ემყარება კრიპტოვალუტაში განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებსა და განაწილების დაცულ ციფრულ ჟურნალს, რომელშიც თითოეული კრიპტოოპერაცია აღინუსხება.

DeFi სპეციალისტები უზრუნველყოფენ DeFi პროტოკოლების უსაფრთხოებასა და ეფექტურობას, აკეთებენ ანალიზს და ეძებენ ინოვაციურ გზებს მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად. DeFi სპეციალისტის მთავარი ამოცანაა ისეთი ციფრული ფინანსური ინსტრუმენტებისა და პროტოკოლების შემუშავება, რომელიც კრიპტოვალუტით ვაჭრობის, კრიპტოსესხის გაცემა-მიღებისა და შენახვის საშუალებას იძლევა. ბლოკჩეინტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ამ პროფესიის მასშტაბები და მნიშვნელობა გაიზრდება.

ჭკვიანი კონტრაქტების აუდიტორი

დეტალიზებული პროგრამული კოდით გაწერილი „ჭკვიანი კონტრაქტი“ ციფრული აქტივების (კრიპტოვალუტა, NFT, სხვ.) შესაძლებლობების ჩარჩოს განსაზღვრავს. საქმე გვაქვს კომპლექსურ დოკუმენტთან, რომელზეც დამოკიდებულია ციფრული აქტივების უსაფრთხოება და სანდოობა. აუდიტორის ამოცანაა, შეამოწმოს კონტრაქტის კოდი და დარწმუნდეს, რომ მასში პოტენციური რისკი ან პროგრამული ხარვეზი არ იმალება. დადებით აუდიტორულ დასკვნას Web3 პროექტის უსაფრთხოებისა და სანდოობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ბლოკჩეინზე სპეციალიზებული იურისტი

დეცენტრალიზებული სისტემებისა და ციფრული ფინანსების მასშტაბების ზრდასთან ერთად, ცალკე იურიდიულ მიმართულებად ჩამოყალიბდა ბლოკჩეინზე მორგებული იურიდიული ექსპერტიზა. ბლოკჩეინიურისტების საქმიანობა მოიცავს:

  • რეგულაციებთან სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფასა და სათანადო კონსულტაციის გაწევას (მაგ.: კრიპტოვალუტის მარეგულირებელი დებულებებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის კუთხით).
  • „ჭკვიანი კონტრაქტების“ იურიდიულ ანალიზს
  • ციფრული ინტელექტუალური საკუთრებისა და პატენტების სამართლებრივ მხარეს
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვას, კონფიდენციალურობასა და სხვა იურიდიულ საკითხებს, რაც Web3 სივრცეში იჩენს თავს.

კრიპტოანალიტიკოსი

კრიპტოვალუტებსა და ტოკენებს საკუთარი ეკოსისტემები აქვთ, რომელთა კომპლექსური ეკონომიკური მოდელების გაგება შესაბამის ცოდნას მოითხოვს. კრიპტოანალიტიკოსები სწავლობენ ბლოკჩეინპროექტების ფინანსურ ნიუანსებს, თამაშის თეორიასა და ტოკენომიკას (ტოკენებს ეკონომიკას), აფასებენ დეცენტრალიზებული სისტემების სიცოცხლისუნარიანობასა და მდგრადობას. ინფორმაცია, რომელსაც ისინი მომხმარებლებს აწვდიან, გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებასა და ქსელების ევოლუციაზე.

NFT ექსპერტი

ბოლო წლებში NFT ტექნოლოგიამ შტურმით მოიარა ხელოვნების, სპორტისა და თამაშების ინდუსტრიები და კოლექციონერების დიდი ინტერესიც გამოიწვია. ციფრული აქტივების, Web3 ტენდენციებისა და ბლოკჩეინის ცოდნის მქონე NFT ექსპერტები აანალიზებენ ბაზარს, რათა კომპანიებს საუკეთესო NFT-სტრატეგიების შემუშავებას, ლოიალური Web3 საზოგადოების ჩამოყალიბებასა და შემოსავლის ახალი წყაროს შექმნაში დაეხმარონ. ისინი თანამშრომლობენ ილუსტრატორებთან, კრეატორებთან და კომპანიებთან, რათა შექმნან და გაუშვან წარმატებული NFT პროექტები.

Web3 UX დიზაინერი

დეცენტრალიზებულ სივრცეში ადამიანებისათვის მოსახერხებელი და ინტუიციური გამოცდილების შექმნა უნიკალურ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ეს კი, ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, შემოქმედებით მიდგომასაც მოითხოვს. Web3 UX (მომხმარებლის გამოცდილება) დიზაინერები ქმნიან ინტერფეისებს, რომლებიც ბლოკჩეინტექნოლოგიას  ერწყმის და იცავს მონაცემთა უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას. რომ არა UX დიზაინერები, უზარმაზარი შრომა, რომელსაც ბლოკჩეინდეველოპერები დებენ, მომხმარებლისთვის ასე მარტივად აღსაქმელი და მიმზიდველი არ იქნებოდა.

ვირტუალური გამოცდილების სპეციალისტი

ვირტუალური გამოცდილების სპეციალისტი, დეველოპერებთან, კონტენტის შემქმნელებთან და დიზაინერებთან ერთად, ვირტუალური გამოცდილებების რეალურ სამყაროში ინტეგრირებაზე მუშაობს. ვირტუალური გამოცდილება გულისხმობს VR/AR აპლიკაციებისა და დივაისების, ვებთამაშების, ონლაინღონისძიებების, ვებინარებისა თუ ინტერაქციული ციფრული კონტენტის სიმულაციების შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოცდილება მომხმარებლისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, მოხერხებული, საინტერესო და მიმზიდველი იყოს. ვირტუალური გამოცდილების სპეციალისტები მუშაობენ მეტავერსების შექმნაზეც.

Web3 კონტენტის შემქმნელი

ინფორმაციული, საინტერესო და საგანმანათლებლო Web3 კონტენტის საჭიროება მზარდია. Web3 კონტენტის შემქმნელები ბლოკჩეინის ეკოსისტემასთან დაკავშირებულ ტექსტურ, ვიზუალურ, VR/AR  და სხვა ტიპის რელევანტურ მასალას ქმნიან. კომპლექსური ინფორმაციის უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გზებით წარმოჩენით, კონტენტის შემქმნელები დიდ როლს თამაშობენ დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიასა და ფართო აუდიტორიას შორის არსებული ინფორმაციული ნაპრალის ამოვსებაში.

Web3 ქომიუნითი-მენეჯერი

Web3 საზოგადოება, რომელიც „ქომიუნითიდ“ მოიხსენიება, გადამწყვეტ როლს თამაშობს Web3 პროექტების შექმნას, განვითარებასა და, საბოლოო ჯამში, წარმატებაში. შესაბამისად, ამ სეგმენტთან მომუშავე მენეჯერი დიდ როლს თამაშობს Web3 პროექტის გარეშემო აქტიური და გულმხურვალე საზოგადოების შემოკრებასა და ჩამოყალიბებაში.

ქომიუნითი-მენეჯერები პასუხისმგებელნი არიან საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება-განხორციელებაზე, სოციალურ მედიაში (განსაკუთრებით, Discord-სა და Twitter-ზე) ხალხის ჩართულობასა და ზრდაზე, ჩატების მოდერაციაზე, ქომიუნითის წევრების კითხვებზე პასუხის გაცემასა და მათთვის ინფორმაციის მიწოდებაზე.

თუ სოციალური ქსელების მენეჯერი ხართ და ხალხთან კომუნიკაცია თქვენი ძლიერი მხარეა, შეგიძლიათ, ქომიუნითი-მენეჯერის კარიერაც განიხილოთ.

ვაბიჯებთ რა დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების ახალ ეპოქაში, ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები და პროფესიები ჩნდება. ბლოკჩეინტექნოლოგიის განვითარების კვალდაკვალ, Web3-ში გათვითცნობიერებულ პროფესიონალებზე მოთხოვნა იზრდება. ასე რომ, თუ თანამედროვე ტექნოლოგიები გაინტერესებთ და ციფრულ სამყაროში თქვენი კვალის დატოვება გსურთ, დეცენტრალიზებული სივრცე გაძლევთ ახალ შესაძლებლობებსა და შანსს, იყოთ ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც საკუთარ კარიერას მომავლის ინტერნეტსა და ტექნოლოგიებს დაუკავშირებს.

რეგისტრაცია

გაიგე მეტი

გამოიწერე ჩვენი ბლოგი და მიიღე უახლესი ინფორმაცია

Related Posts