რა მოხდებოდა, 2009 წელს ბიტკოინის შესახებ მომავლიდან რომ მიგვეღო შეტყობინება?

დღეს ბიტკოინი ოქროზე 30-ჯერ ძვირი რომ ღირს, გეცოდინება, მაგრამ რა იქნებოდა, ვინმეს მომავლიდან შენთვის ეს 15 წლის წინ ეთქვა? მოდი, დრო უკან, ბიტკოინის საწყისებთან გადავახვიოთ.
2009 წელია. სმარტფონების ერა იწყება. „ოდნოებიდან“ გადმობარგებული Facebook-ზე შედიხარ, რომ შენს ქრაშის „უჯიკო“ და ხედავ, პროფილის გვერდი ოდნავ შეცვლილია. მოიცა, ეს შენ ხარ? მშობლებს ასე ძალიან როდის დაემსგავსე?! ოჰო, შეყვარებულიც გაგიჩენია (ჯანდაბა! ეს ვიღაც შენი ქრაში ნამდვილად არ არის)... უცებ შენს ყურადღებას იქცევს პირველივე პოსტი:
გეხვეწები, ბოლომდე წაიკითხე!
მოეშვი მაგ ფერმას! რა დროს Farmville-ია, როცა შენს ცხვირწინ ახალი ფული იბადება! თუ ახლა ამ პოსტს კითხულობ, ე.ი., გეგმამ იმუშავა და 15 წლით პატარა „მე“ ხარ.
ბევრი დრო არ მაქვს, ამიტომ საქმეზე გადავალ – ყულაბა ახლავე გატეხე და ბიტკოინი იყიდე! ბ ი ტ კ ო ი ნ ი!
მოკლედ, პირველი დეცენტრალიზებული ელექტრონული ფულია – კრიპტოვალუტა. ჩემს დროში „ინტერნეტის ოქროს“ ვეძახით. ბიტკოინით დაიწყება ბლოკჩეინტექნოლოგიის ერა, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებით მომუშავე ახალი სამყარო. წარმოიდგინე, ის არც რომელიმე მთავრობას გამოუშვია და არც ბანკს. ვინმე სატოში ნაკამოტომ შექმნა და ისიც კი არ ვიცით, ვინაა. კომპიუტერები (მაინერები) მათემატიკური ფორმულების ამოხსნით გამოიმუშავებენ (რაში მჭირდება მათემატიკაო, რომ იძახდი…).
ვერაფერი გაიგე, ჰო? რა თქმა უნდა, შენ ხომ მე ხარ… მახსოვხარ მაგ დროს. პრინციპში, ბევრს ჩემს დროშიც არ ესმის, მაგრამ იცის ფასი – ბიტკოინისაც და სინანულისაც.

მოკლედ, ახლა უნდა ადგე და რამენაირად ბიტკოინი გამოიმუშაო, მადლობას მეტყვი მერე, დამიჯერე. ამ მომენტში შენი საოცნებო მანქანის ფასი აქვს ერთ ბიტკოინს...

ზუსტად ვიცი ეჭვი გეპარება, მაგრამ სამ მთავარ რჩევას მაინც დაგიტოვებ:
- 2009 წელს ბიტკოინის გამომუშავება მარტივადაა შესაძლებელი საკუთარი ლეპტოპით ან პერსონალური კომპიუტერით. ყოველთვის ასე არ იქნება. იჩქარე, ცოტა გაიხედ-გამოიხედე, მიდექ-მოდექი, ინფორმაცია მოიძიე.
- არ დაიჯერო ფრაზები: „ფული არა, ის“, „არასდროს იმუშავებს“... ჩემზე უკეთესს ვის დაუჯერებ?!
- მალე გაიცნობ ალტკოინებსაც (ეთერიუმი, დოჯი, შიბა და.ა.შ). ახალ ამბებს თვალი ადევნე!

ახლა, უნდა გავიქცე, იმედია მოასწარი წაკითხვა და გააზრება, მსოფლიო იცვლებაააა!!
P.S. ჰოდა, ბიტკოინით პიცა არასდროს იყიდო…
P.P.S. და აუ, გთხოვ, არასდროს, არასდროს ჩაიცვა „ბენსიმონები“, ინანებ.
P.P.S.S. ჯეკას ჩემ მაგივრად მიეფერე და ეთამაშე! 🥺
***
ბატონო? ეს რა იყო? ეკრანი რატომ გაშავდა? „ბენსიმონებმა“ რა დააშავეს?… პოსტი წაიშალა. გვერდი გაქრა.
ფეისბუქი ძველ იერსახეს უბრუნდება, შენ ცოტა ხანი გაოგებული ზიხარ, შემდეგ ბრაუზერში ახალ ტაბს ხსნი და საძიებო ველში წერ: ბიტკოინი
