ტექბლოგი

ინ-ტექ-ვიუ: მეტავერსში უმსხვილესი სარეკლამო ქსელი ქართული სტარტაპია!

ინ-ტექ-ვიუ ჩვენი ახალი პროექტია, რომელიც ემსახურება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისა და იმ ადამიანების საქმიანობის გაცნობას, რომლებიც მომავლის პროექტებს ქმნიან და წარმატების მაგალითს გვაძლევენ. ინტერვიუების სერიის ფარგლებში არაერთ საინტერესო ადამიანს შეხვდებით. 

ინ-ტექ-ვიუს პირველი სტუმარია ანტრეპრენერი ნოდო ივანიძე – MetaViu-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მრავალწლიანი გამოცდილებითა და Web3 სამყაროში არაერთი სტარტაპით.

მოგვიყევი შენზე და შენს საქმიანობაზე Web3-ში.

ნოდო: Web3-ში ჩემი საქმიანობა უკვე ორ წელზე მეტს ითვლის. ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა, რომლებიც მანამდე შევქმენი, მომცა თავისუფლება, აქტიურად დამეწყო ინვესტიციები და ექსპერიმენტები Web3-ში. ზუსტად ამ პერიოდში შევქმენი ერთ-ერთი პირველი სარეკლამო ქსელი წამყვან მეტავერსებში. დღეს MetaViu ლიდერი სარეკლამო ქსელია. Web3 ქსელის ერთ მხარეს გვყავს ძალიან ძლიერი და აქტიური წევრები – კრეატორები, დეველოპერები და მეტავერსმიწების მფლობელები, მეორე მხარეს კი – ბრენდები, რომლებსაც ვაკავშირებთ Web3-ის გამოცდილებასთან და ბილბორდების ქსელთან. ამგვარად, ერთი მხრივ, ბრენდებს მეტავერსებში შემოსვლას ვუმარტივებთ, ხოლო, მეორე მხრივ, შემოქმედებით ადამიანებს თავიანთი შესაძლებლობების გამოყენებისა და საინტერესო გამოცდილების შექმნის საშუალებას ვაძლევთ. წელიწადნახევრია, რაც ძირითადად ამ საქმიანობით ვარ დაკავებული Web3-ში და MetaViu-ს კუთხით შორსმიმავალი მიზნები გვაქვს.

რატომ Web3?

ნოდო: პირველ რიგში, იმ ფართო და მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამო, რაც Web3-ს აქვს. მართალია, ჯერჯერობით ტექნოლოგია Web3-ის პოტენციალის სრულად ათვისების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ მნიშვნელოვანია მასში ჩაშენებული კონცეფცია, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებლის საკუთრებასა და პროცესების გამჭირვალობას. აქვე აღვნიშნავ, რომ სრულად Web3-მდე მისულები არ ვართ. ჯერ, სადღაც Web2.5-ში ვართ, რადგან ცენტრალიზებული სერვისების გარეშე მუშაობა ჯერჯერობით ვერ ხდება.

კვალი, რომლის დატოვებაც Web3-ის სივრცეში გსურს

ნოდო: თუ დღეს კონტენტკრეატორები მონეტიზაციას ძირითადად Youtube-ზე, Twitch-სა და TikTok-ზე ახდენენ, ჩემი დიდი მიზანია, ახალი თაობის კონტენტკრეატორებს მივცე საშუალება, მონეტიზაცია Web3-ში მოახდინონ. ამას ემსახურება MetaViu-ს პლატფორმა და ჩემი მისიაც სწორედ ესაა.

გაიხსენე შენი პირველი შეხება კრიპტოსთან და პირველი შენაძენი კრიპტოვალუტით

ნოდო: წლების წინ, მეგობრის თხოვნის შემდეგ, რომ კრიპტოვალუტა მეყიდა, მცირე თანხა – 10 ლარი – ჩავრიცხე და Coinmania-ზე ბიტკოინი ვიყიდე. 

საყვარელი კრიპტოვალუტა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ

ნოდო: ეთერიუმი. ამ ქსელზე ბევრი რამ მაქვს აგებული. მჯერა, რომ კრიპტოვალუტის ფართო გავრცელება სწორედ ამ ქსელის დამსახურებაა. ყველაზე ხშირად სწორედ ეთერიუმს ვიყენებ.

ყველაზე მოულოდნელი ან უცნაური ადგილი, სადაც კრიპტოვალუტით გადაგიხდია

ნოდო: Consensus Conference-ზე კრიპტოვალუტით შევიძინე NFT ბილეთი.

ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა კრიპტოვალუტების შესახებ

ნოდო: ბევრს მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტა მხოლოდ და მხოლოდ სიმულაციაა. სინამდვილეში, საქმე მარტივადაა: თუ არსებობს ორი მხარე, რომელსაც ერთმანეთში რაიმეს გაცვლის სურვილი აქვს და ტრანზაქცია ორივე მხარისათვის გარკვეული ფასეულობის მატარებელია, ე.ი. მას აქვს ღირებულება და არ არის სიმულაცია. 

ადრე მეტი სკეპტიციზმი იყო, რადგან ბევრი სიყალბე არსებობდა. დროდადრო ასეთ შემთხევებს ადგილი დღესაც აქვს, მაგრამ კრიპტოვალუტას ახლა გაცილებით მრავალფეროვანი და ფართო გამოყენება აქვს, ვიდრე წარსულში. მაგალითად, დღეს კრიპტოვალუტა ინტეგრირებულია გადახდის მეთოდებში. ადრე არ იყო დეცენტრალიზებული პროტოკოლები, სადაც ფულს, როგორც ბანკში, ისე შეინახავ, მიიღებ პროცენტს ან გაასესხებ. კრიპტოვალუტის გამოყენება ძალიან გაზრდილია. სკეპტიკოსებს ვეტყვი, რომ კრიპტო არსად წავა, რადგან ტრანზაქციის ორივე მხარეს საკმარისად ბევრი ადამიანია, რომელთაც სჯერათ კრიპტოვალუტის ღირებულების. ამიტომ, ის არ გაქრება.

რატომ უნდა დაამატონ კომპანიებმა მომხმარებლებისთვის კრიპტოგადახდები?

ნოდო: დღეს კრიპტოგადახდებს ბევრი კომპანია ამატებს მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის, საქართველოშიც. ისინი, ვინც შემოსავალს კრიპტოვალუტაში იღებენ, დეპოზიტსაც კრიპტოში ათავსებენ. რაც უფრო გაუმარტივებთ ასეთი ტიპის მომხმარებელს თქვენთან, როგორც ბიზნესოპერატორთან, ფულის დახარჯვას, თქვენი ბიზნესისთვის უკეთესია. როცა კრიპტოვალუტაში გადახდის შესაძლებლობა აქვთ, აღარ უწევთ ბევრი პროცედურის გავლა, რათა კრიპტოვალუტა ფიატვალუტაში გადაიყვანონ. კრიპტომომხმარებლების ზრდასთან ერთად, კრიპტო აღარ არის ნიშური საბაზრო მიმართულება. შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს კრიპტოვალუტაში გადახდის სერვისის დამატება უღირთ.

მეტავერსის უსაზღვრო მასშტაბებისა და შესაძლებლობების სივრცეში უმსხვილესი სარეკლამო ქსელის შექმნა უდავოდ დიდი წარმატებაა. თუმცა, MetaViu-ს გუნდისთვის ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისი, წინ კი გაცილებით ამბიციური მიზნებია. წარმატებას ვუსურვებთ ნოდოს, ინ-ტექ-ვიუ კი ახალი, საინტერესო სტუმრით დაგიბრუნდებათ.

სხვა ბლოგები