ბიტკოინის ზრდა გრძელდება | სალვადორი, ბუტანი და ბიტკოინი
თუ კრიპტოენთუზიასტი ხარ, ბიტკოინის ბოლოდროინდელი რეკორდული მატება არ გამოგრჩებოდა. ნოემბრის დასაწყისში დაწყებული მზარდი ტენდენცია ნარჩუნდება და ახალი სიმაღლეებისაკენ მიიწევს.
ისტორიულად, ნოემბერი ბიტკოინისთვის საუკეთესო თვეა. ანალიტიკოსების ვარაუდი, რომ ბიტკოინი თვის ბოლოსთვის 100 ათას აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწევდა, როგორ ჩანს, მართლდება. ვარაუდები ეფუძნება როგორც ისტორიულ მაჩვენებლებს, ისე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ბიტკოინზე გაზრდილ მოთხოვნასა და ყოველწლიურად შემცირებული რაოდენობით მოპოვებული ბიტკოინის ეფექტებს მის მიწოდებაზე.
კრიპტომეგობრული პოზიციით ცნობილი დონალდ ტრამპის გამარჯვებიდან ერთ კვირაში ბიტკოინის ღირებულებამ რეკორდულ 90 ათას აშშ დოლარს მიაღწია და 24 ნოემბრისთვის 100 ათას უახლოვდება.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ბიზნესმენი და კრიპტოენთუზიასტი ილონ მასკი და ანტრეპრენერი ვივეკ რამასვამი ჩაუდგებიან სათავეში, კრიპტოსამყარო ენთუზიაზმით შეხვდა. ამასთან, 23 ნოემბერს, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ფინანსისტ სკოტ ბესენტის კანდიდატურა დასახელდა, რომელიც ასევე გამოირჩევა კრიპტოს მხარდაჭერით.
კრიპტოანალიტიკური პლატფორმა CoinGlass-ის მონაცემებით, მიმდინარე ნოემბერში ბიტკოინის ფასის ზრდამ 39%-ს უკვე გადააჭარბა.
ბიტკოინის ღირებულების მატება განსაკუთრებულად დადებითად აისახა სალვადორსა და ბუტანზე – ქვეყნებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით ბიტკოინს ფლობენ. სალვადორის ბიტკოინის რეზერვების ღირებულება – $575 მილიონამდე, ხოლო ბუტანის თითქმის $1.2 მილიარდამდე გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემებით, სალვადორის სახელმწიფო რეზერვებში ბიტკოინის დაახლოებით 5 932 ერთეულია. მიმდინარე ფასის ($97000) გათვალისწინებით, ეს დაახლოებით $575 მილიონს შეადგენს. სალვადორის ბიტკოინის პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა აზრთა სხვადასხვაობის საგანი, მათ შორის, მსოფლიო სავალუტო ფონდის მხრიდან, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობასთან დაკავშირებით. თუმცა სალვადორის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა აღებული 2.5 მილიარდი აშშ დოლარის სესხის გამოსყიდვას აპირებს. Bloomberg-ის მონაცემებით კი, სალვადორის ვალი ნოემბრის შუა რიცხვებში 4.7%-იან ნიშნულს დაუბრუნდა.
მაშინ, როცა სალვადორი ცნობილია პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს გაცხადებული ლიბერალური ბიტკოინპოლიტიკით, ბუტანისა და ბიტკოინის ურთიერთობის შესახებ ნაკლებად გვსმენია. ეს პატარა სამხრეთაზიური სახელმწიფო, რომლის მოსახლეობა ერთ მილიონსაც კი არ შეადგენს, Arkham Intelligence-ის მონაცემებით, 12 574 ერთეულ ბიტკოინს ფლობს, რაც მიმდინარე ფასით $1.21 მილიარდია და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს აჭარბებს.
არსებული ცნობებით, ბუტანმა, რომელიც ჰიდროელექტრორესურსების სიუხვით გამოირჩევა, ბიტკოინის მარაგი მაინინგით დააგროვა და 2023 წლის სექტემბრისთვის ბიტკოინის რეზერვებით მსოფლიოში მეოთხე ქვეყნად დასახელდა. (წყარო: Arkham Intelligence).
კრიპტობაზარზე არსებული მზარდი ტენდენციისა და პოზიტიური განწყობების ფონზე იზრდება ბიტკოინის ფასი და, შესაბამისად, იმ ქვეყნების რეზერვები, რომლებიც ბიტკოინს ფლობენ. საინტერესოა, კიდევ რომელი ქვეყნები დაადგებიან სალვადორისა და ბუტანის გზას და როგორ შეიცვლება აშშ-ის კრიპტოპოლიტიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რომელსაც 2025 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპი ოფიციალურად ჩაიბარებს.
* შენიშნვა: ბლოგში გამოთქმული ვარაუდები და მოყვანილი სტატისტიკა არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.