ტექბლოგი

1 ივნისიდან ჰონგ-კონგი საცალო კრიპტომოვაჭრეებისთვის იხსნება!

ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების კომისიამ (SFC) დაადგინა ახალი წესები, რომელიც ჰონგ-კონგში ლიცენზირებულ ბირჟებს საცალო ინვესტორებისათვის კრიპტოვალუტების მიყიდვის საშუალებას მისცემს. ახალი რეგულაცია ძალაში 1 ივნისიდან შევა და ეხმიანება ქალაქის სწრაფვას, იქცეს ვირტუალური აქტივებისა და Web3 ინდუსტრიის მსოფლიო ჰაბად.

აღნიშნული რეგულაციით იზრდება ჰონგ-კონგის დიდი ბაზრის როლი კრიპტოინდუსტრიაში, რაც მრავალი ბირჟისა და პროექტის დაინტერესებას გამოიწვევს. რეგიონში შესვლის სურვილი უკვე არაერთმა კრიპტობირჟამ გამოხატა და ჰონგ-კონგის ვირტუალური აქტივების სერვისპროვაიდერს (VASP) ლიცენზიის მისაღებად უკვე მიმართა.

29 მაისს ბაზარზე შესვლაზე განცხადება გააკეთეს ჰონგკონგურმა კრიპტობირჟა CoinEx-მა, რომელმაც ადგილობრივი პლატფორმის — BitHK — გაშვება დააანონსა და Huobi-მ, რომელიც რეგულაციას Twitter-ზე გამოეხმაურა და საზოგადოებას ლიცენზიაზე შეტანილი განაცხადის შესახებ ამცნო.

ისეთმა ბირჟებმა, როგორიცაა Gate.io და BitMEX, ჰონგ-კონგის ბაზარზე შესვლის სურვილის შესახებ წინა კვირას გააჟღერეს და განაცხადეს, რომ სალიცენზიო დოკუმენტაცია უკვე გადაგზავნილია მარეგულირებელ კომისიაში.

ამას გარდა, 29 მაისს, ჰონგ-კონგის Web3 ინდუსტრიის ლიდერებმა ორი ახალი ასოციაციის — ჰონგ-კონგის ლიცენზირებული ვირტუალური აქტივების ასოციაციისა (HKLVAA) და Web3 Harbour-ის ჩამოყალიბება გამოაცხადეს. ერთობლივი პროექტების შესახებ მათ Radical Finance Asia-ის ღონისძიებაზე გააჟღერეს. მათი თქმით, ეს ვირტუალური აქტივების ინდუსტრიისა და დეცენტრალიზებული ინტერნეტის განვითარებას ემსახურება.

ახალი რეგულაციები და ინიციატივები იძლევა წინაპირობას, რომ ჰონგ-კონგით უფრო მეტი კრიპტობირჟა, პროექტი და ინვესტორი დაინტერესდეს. ამ ფრონტზე სიახლეებს უნდა ველოდეთ!

სხვა ბლოგები